დავით ნარმანია "თბილისობის" ბიუჯეტის ზრდის მიზეზებს განმარტავს

დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია განმარტავს, თუ რატომ გაიზარდა "თბილისობის" ბიუჯეტი. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, თბილისობის ჯამური ბიუჯეტი 977 000 ლარს შეადგენს და კონკრეტული ღონისძიებების მიხედვით არის გაწერილი. რაც შეეხება ბიუჯეტის გაზრდას, ნარმანიას განმარტებით, წელს "თბილისობას" დაემატა ღონისძიებები გამომდინარე იმ კონცეფციებიდან, რაც მიიღეს კონკურსის შედეგად და ძირითადად ამან გამოიწვია ბიუჯეტის ზრდა.  "ასევე ცალკეული მომსახურების ფასები გასულ წელთან შედარებით არის გაზრდილი და ესეც არის "თბილისობის" ბიუჯეტის ზრდის განმაპირობებელი", - განაცხადა ნარმანიამ.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, "თბილისობის" ტრადიციული დღესასწაული წელს, 17-18 ოქტომბერს გაიამართება. მისი შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული და შესაბამისად, წელს საინტერესო პროგრამა გააკეთეს.  "ღონისძიებები იქნება როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის. იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი კულტურული შემეცნებითი ღონისძიებები. ძირითადი აქცენტი გაკეთდება თბილისის, როგორც ეკოლოგიურად მდგრადი, სუფთა, მწვანე ქალაქის კონცეფციაზე. საკმაოდ ბევრ სტუმარს ველოდებით, მათ შორის იქნებიან უცხოელი დელეგაციები. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი კმაყოფილი დარჩება არ ღონისძიებით", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ხარჯთაღრიცხვა გაწერილია ძირთადი მიმართულებების მიხედვით და დავალებები შესაბამის სამსახურებზე გადანაწილებულია.