გიორგი კვირიკაშვილი კინოსტუდია "ქართული ფილმის" ყოფილ აქციონერებს ბოდიშს უხდის

საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კინოსტუდია "ქართული ფილმის" ყოფილ აქციონერებს ბოდიშს უხდის.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში მან სამწუხაროდ ვერ მოახერხა "ქართული ფილმის" ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე კონსენსუსის მიღწევა, თუმცა დღევანდელი პოზიციიდანაც მაქსიმალურად ეცდება, გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყოს. "კინოსტუდია "ქართულ ფილმთან" დაკავშირებით მე მქონდა პოზიცია და იმავე პოზიციაზე ვარ, რომ ორი რამ არის გასაკეთებელი - პირველი, წინა ხელისუფლების მიერ სხვადასხვა გზებით მოხდა ის, რომ აქციონერებმა დაკარგეს აქციები (თუმცა შეიძლება, კანონის დარღვევა არ მომხდარა) და მგონია, რომ მორალური გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ეს აქციები მათ დაუბრუნდეთ; მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მგონია, რომ ეს არის კომუნისტური სისტემის გადმონაშთი, როდესაც მთავრობა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს აძლევს მანდატს იმისთვის, რომ მათ მართონ კინოსტუდია "ქართული ფილმი". ეს გადმონაშთი აუცილებლად შესაცვლელია იმ კუთხით, რომ თვითონ ამ სფეროს წარმომადგენლებმა, ღია კონკურსის საფუძველზე უნდა მისცენ მანდატი იმ ჯგუფს, რომელი კონცეფციაც გაიმარჯვებს. სამწუხაროდ, მე ჩემი მინისტრობის პერიოდში ვერ მოვახერხე ამ გადაწყვეტილებაზე კონსენსუსის მიღწევა და ერთადერთი საშუალება რაც დღეს მაქვს არის ის, რომ ბოდიში მოვუხადო აქციონერებს ამის გამო. იმ პოზიციაში, სადაც დღეს ვარ, რამდენადაც შემეძლება, მაქსიმალურად ვეცდები, ამ გადაწყვტილების მიღებას ხელი შევუწყო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.