ინფრასტრუქტურის მშენებლები ასოციაციაში ერთიანდებიან

საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია"დააფუძნეს, რომლის პრეზენტაციაც 8 ოქტომბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. ასოციაცია ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში დასაქმებულ 18 კომპანიას აერთიანებს, რომელსაც ზვიად თოიძე ხელმძღვანელობს.

პრეზენტაციაზე ასოციაციის თავმჯდომარე ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ბიზნესსექტორის პროაქტიური როლის მნიშვნელობა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური განვითარების პროცესში; მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ბიზნეს სექტორთან შეთანხმებით სამშენებლო სექტორის გაძლიერება, სექტორში ჩართული კომპანიების ინსტიტუციური განვითარება და სამშენებლო სექტორთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოდერნიზებაზე მუშაობა (დარგობრივი ნორმატიული აქტები, შესყიდვების კანონმდებლობა); სამშენებლო კომპანიების როლი ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითრებაში.

პრეზენტაციას დაესწრებიან მთავრობის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, სამშენებლო კომპანიები), საერთაშორისო ორგანიზაციები (USAID, EBRD, მსოფლიო ბანკი) არასამთავრობო ორგანიზაციები და ასოციაციები.

ასოციაციაში წევრი კომპანიების ჩამონათვალი ასეთია: "ზიმო", "ინ-სი", "კალასი", "ანაგი", "ელიტაბურჯი", "ფერი", "ინ სტატე", "დაგი", "სამშენებლო კომპანია #1", "კავკასუს როუდ პროჯექტი", "სერვისი", "თბილი სახლი", "ტრანსმშენი", "ელექტრო მონტაჟ სერვისი", "პალადა", "ხიდმშენი", "წყალკანალრემმშენი" და "ენსისი".