მთაში მცხოვრებთათვის პენსია 192 ლარი გახდება

მთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის 2016 წლის 1-ლი სექტემბრიდან პენსია 192 ლარამდე გაიზრდება. მთის კანონში გათვალისწინებული ცვლილებით, საპენსიო თანხა 20%-ით მოიმატებს. ამით მთავრობა მაღალმთიან რეგიონში ხალხის შენარჩუნებასა და წახალისებას ცდილობს. ცვლილება მხოლოდ მთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს შეეხებათ. ამ მხრივ თითოეული პენსიონერის სტატუსი მკაცრად გაკონტროლდება, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივ თვითმმართველობებს დაეკისრებათ.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საკანონმდებლო ორგანო არ კმაყოფილდება მთავრობის ინიციატივით და ითხოვს, რომ პენსიის ზრდა საქართველოს უკლებლივ ყველა პენსიონერს შეეხოს. "ყველა შესაძლო რესურსი უნდა იქნას გამოყენებული, რომ 2016 წელს პენსიები გაიზარდოს", - აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბრიდან პენსიები მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს გაეზრდებათ. საპენსიო ხარჯებისათვის ბიუჯეტს ემატება 90 მლნ ლარი. სოციალური დახმარების ბიუჯეტი კი 50 მილიონითაა გაზრდილი. ხარჯებში გათვალისწინებულია ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა. სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი ჯამში 285 მლნ ლარით იზრდება. სოციალურ ხარჯებში გათვალისწინებულია როგორც ასაკით პენსიონერთა მომატებული 160-ლარიანი პენსია, ასევე ძალოვანი პენსიონერების სოციალური პაკეტი, რომელიც ასაკის პენსიის შესაბამისად ასევე გაიზარდა წელს 10 ლარით. ბიუჯეტის შედგენისას გათვალისწინებულია ასაკით პენსიონერთა რაოდენობის მატებაც. "ბოლო წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ყოველწლიურად ასაკით პენსიონერთა რაოდენობა რამდენიმე ათასით იზრდება", - განმარტავენ სამინისტროში.

მთიან რეგიონში მცხოვრებთათვის პენსიის მომატებაზე რამდენიმე კვირის წინათ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მთიან რეგიონში მცხოვრებ ხანდაზმულებს პენსია გაეზრდება, ხოლო ბიზნესის წარმოება იქნება თავისუფალი. მთავრობის ამოცანა მთაში ხალხის შენარჩუნებაა.

"მთის კანონი არ იყო ქვეყანაში მიღებული და მთა იყო აბსოლუტურად მიგდებული. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი დაპირება მთის კანონის მიღება იყო. იქ არის გაწერილი მთელი რიგი სოციალური შეღავათები, მაგალითად, პენსიების მატება მთაში, ასევე მასწავლებლებისთვის შეღავათები. გარდა ამისა, ბიზნესის წარმოება იქნება გადასახადებისგან აბსოლუტურად გათავისუფლებული. ჩვენი მთავარი ამოცანაა მთაში შევინარჩუნოთ და დავამაგროთ ადგილზე ხალხი. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, კაპიტალი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი ნოდარ ებანოიძე განმარტავს, რომ მთის კანონის აღსრულება ხელისუფლებას 40 მილიონ ლარამდე დაუჯდება. აღნიშნული თანხა იმ შეღავათების დასაფარად იქნება გამოყენებული, რომელიც, ერთი მხრივ, მთაში მცხოვრებ მოსახლეობას, მეორე მხრივ კი, არსებულ საწარმოებს ექნებათ. ბიუჯეტის ამ ნაწილში გათვალისწინებულია გაზრდილი საპენსიო თანხის მოცულობაც. "ბიუჯეტში სოციალურ პროექტებზე 40 მილიონი ლარი დაიხარჯება, გარდა ინფრასტრუქტურულისა. ამ მიმართულებით ცალკე 20 მილიონ ლარამდე გამოიყოფა. მცირე თანხა ნამდვილად არ არის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთის რეგიონში მცხოვრებლებს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ სხვა ტერიტორიაზე არ გადასახლდნენ. სოციალურ პროექტში ჩართვით და პენსიების ზრდით, ხალხს სტიმული უნდა მივცეთ. კანონში გაწერილია სტატუსი თითოეული ადამიანისთვის, რომელიც იქ მუდმივად თუ სეზონურად ცხოვრობს. პენსიის ზრდა მხოლოდ მუდმივად მცხოვრებთათვისაა გათვალისწინებული. პროცესი მკაცრად გაკონტროლდება, რაზეც პასუხისმგებლობას ადგილობრივი თვითმმართველობები აიღებენ", - აცხადებს ნოდარ ებანოიძე.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში კი პენსიის ზრდასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ. კომიტეტის ხელმძღვანელ დიმიტრი ხუნდაძეს მთის რეგიონის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს და გამოდის ინიციატივით, რომ პენსიის ზრდა ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს. "2016 წელს პენსიების ზრდასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მაქვს. ვფიქრობ, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პენსიონერებს მორიგი საპენსიო ზრდით კიდევ უფრო შევუმსუბუქოთ ის სოციალური მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ პრობლემურია საქართველოში. ვითვალისწინებ რეალობას, თუმცა ვფიქრობ, ყველა შესაძლო რესურსი უნდა იქნას გამოყენებული, რომ 2016 წელს პენსიები გაიზარდოს", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მთის კანონში ცვლილებას დადებითად აფასებს ეკონომიკისა და სოციალური სფეროს სპეციალისტი ნოდარ კაპანაძე. მისი აზრით, პენსიის ზრდა თუ ნებისმიერი სხვა სოციალური შეღავათი ხალხს მთაში დარჩენის მოტივაციას მისცემს, თუმცა მთავრობის ამ ინიციატივას კაპანაძე არასაკმარისად მიიჩნევს. "საპენსიო თანხის ზრდა პენსიონერის ადგილზე დამაგრებას რაღაცნაირად ხელს შეუწყობს, მაგრამ არსებითად არაფერი შეიცვლება. გაცილებით მეტი ღონისძიებაა გასატარებელი. ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვით, მაგრამ მნიშვნელოვნად მიმაჩნია გარკვევა თუ როგორ აპირებს მთავრობა მიგრაციასთან დაკაშვირებული პრობლემის მოგვარებას. მთაში მოსახლეობის დამაგრებას ძალიან კარგი და გააზრებული სტრატეგია სჭირდება, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ყველა დეტალი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაითვალოს. რაც ახლა მესმის, ძალიან კარგია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - საკმარისი", - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.

მთის კანონის აღსრულება ხელისუფლებას, როგორც აღვნიშნეთ, 40 მილიონ ლარამდე დაუჯდება. კანონპროექტის მიხედვით, მთაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს პენსია შემდეგი საბიუჯეტო წლიდან 32 ლარით გაეზრდებათ, მაღალმთიანი რეგიონების სამედიცინო პერსონალს - ექთნებს მიეცემათ დანამატი 160 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მომუშავე ექიმებისთვის ეს მაჩვენებელი 320 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"