"თბილგაზი" კახი კალაძის მფლობელობაში გადადის?

კომპანია "ყაზტრანსგაზმა" ქართულ მხარეს შესაძლოა ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. ყაზახური მხარის თქმით, საუბარი დაახლოებით 130 მილიონ აშშ დოლარზეა, რომელიც 2006-2009 წლებში სააქციო საზოგადოება "ყაზტრანსგაზმა" "ყაზტრანსგაზთბილისის" (რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელიც თავადვე გახლავთ) განვითარებასა და თბილისის გაზმომარაგების სისტემაში ეტაპობრივად ჩადო. 2009 წლიდან მოყოლებული კი "ყაზტრანსგაზს" შვილობილი კომპანიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების საშუალება აღარ აქვს, რადგან იმავე წლის ივლისში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სემეკის შუამდგომლობა შპს "ყაზტრანსგაზთბილისში" სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ.

რატომ გადაწყვიტა ყაზახურმა მხარემ ხმის ამოღება მაინცდამაინც ახლა? რა ბიზნესინტერესები შეიძლება ჰქონდეს კახი კალაძეს ამ ყველაფერში? აღნიშნულ თემაზე "ალიას" "ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია ესაუბრება:

- ეს ყველაფერი 2009 წლის "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა, "ყაზტრანსგაზმა" კი ხმა ახლა ამოიღო. გასაგებია, რომ კომპანიას მაშინ ამაზე ხმამაღალი საუბარი შედეგს ვერ მოუტანდა, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა: რატომ ახლა?

- ჩემი აზრით, ეს შეკითხვა სწორად არის დასმული და მას რომ სწორი პასუხი გავცეთ, აუცილებელია, ძალიან მოკლედ გავიხსენოთ ეს ისტორია: 2009 წელს მაშინდელი ხელისუფლება ყაჩაღურად შეიჭრა "თბილგაზში", კომპანიის მართვას ჩამოაშორა კომპანიის მფლობელის მიერ დანიშნული მენეჯმენტი, თვითონ აიღო თავზე მისი მართვა და სპეციალურ მმართველად ქალბატონი ანი თაქთაქიშვილი (ის საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის და გახლავთ. - ნ.ლ.) დანიშნა. შესაბამისად, იმ დღიდან მფლობელ კომპანიას არც ერთი თეთრი მოგება არ წაუღია. რა თქმა უნდა, ეს იყო იმ დროს არსებული ხელისუფლების უსამართლო, უკანონო, ყაჩაღური გადაწყვეტილება, თუმცა ამ პროცესის კადრს მიღმა ასტანაში მიმდინარეობდა ვაჭრობა, მოლაპარაკებები "ყაზმუნაიგაზის" (ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია. - ნ. ლ.) მფლობელებთან "თბილგაზის" ხელახლა გაყიდვაზე. ამას ცდილობდა ორი მხარე. ერთ-ერთი იყო მაშინდელი ხელისუფლების მხარე, რომელიც ცდილობდა ამ კომპანიაში თავისი კერძო ბიზნესინტერესების გატარებას, თუმცა იყო კიდევ ერთ-ერთი მხარე, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებასთან შესანიშნავ ურთიერთობაში იყო და რომელიც, ასევე, ცდილობდა "თბილგაზის" ხელში ჩაგდებას და მოლაპარაკებას აწარმოებდა "ყაზტრანსგაზთანაც" და სააკაშვილის რეჟიმთანაც - ეს გახლდათ კახი კალაძე, თავისი შპს "კალა კაპიტალით". თავის დროზე კალაძეს ეს დადასტურებული აქვს კიდეც, რადგან, როცა ამას ადასტურებდა, ის, ალბათ, საუკეთესო სიზმრებშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე შეიძლებოდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი გამხდარიყო. მესამე წელია, კალაძე მართავს ქართულ ენერგეტიკას, მაგრამ ზუსტად ისე მოიქცა, როგორც თავის დროზე ვანო მერაბიშვილი: "თბილგაზის" სპეციალურ მმართველად თაქთაქიშვილის დანიშვნა და ის ღონისძიება იყო ვანო მერაბიშვილის ინიციატივით განხორციელებული, რადგან ის აკონტროლებდა იმჟამინდელ ენერგეტიკის მინისტრ ალეკო ხეთაგურს და ზოგადად, ის სფერო მის კონტროლქვეშ მყოფი სივრცე იყო. ზუსტად ასე მოიქცა კალაძეც - როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, კალაძე ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა და შესაბამისად, ვანო მერაბიშვილის გუნდისგან გადაიბარა ენერგეტიკის სფერო - კახი კალაძემ "თბილგაზის" სპეციალურ მმართველად დანიშნა თავისი ბიზნესპარტნიორი, შპს "კალა კაპიტალის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ბერაშვილი, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა ენერგეტიკაზე. ბერაშვილის დანიშვნას მოჰყვა ღია და აშკარა ლობირება "თბილგაზის" მხრიდან და ამას მხარს უჭერდა ენერგეტიკის სამინისტრო, რომ გაზზე ფასები გაზრდილიყო. რომ არა ჩვენი გააფთრებული წინააღმდეგობა, ისევ გაიზრდებოდა გაზის ტარიფი, როგორც ეს ელექტროენერგიაზე მოხდა.

ეს რაც ისტორიას შეეხებოდა და ახლა, მოწმენდილ ცაზე ყაზახური მხარის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, აჩენს ლეგიტიმურ შეკითხვას: ხომ არ შედგა მოლაპარაკება კახი კალაძესა და "ყაზმუნაიგაზის" მფლობელებს შორის, "თბილგაზის" კალაძის მფლობელობაში გადაცემის შესახებ? ეს განცხადება კი შესაძლოა, არის ერთგვარი ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ყაზახური მენეჯმენტი, რომელიც ისედაც ჩამოშორებულია კომპანიის მმართველობას, გავიდეს მფლობელობიდან და მერე ამ მფლობელობაში შემოვიდეს სადმე, რომელიმე ოფშორულ ზონაში, მაგალითად, კვიპროსში დარეგისტრირებული რომელიმე კომპანია, რომლის რეალური მფლობელიც კახი კალაძე იქნება?

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ყაზახური მხარის მიერ გაკეთებული ამ განცხადების და ზოგადად, ამ პროცესის უკან, შესაძლოა კახი კალაძის ინტერესები იყოს "თბილგაზის" მიმართ?

- დიახ, სავსებით შესაძლებელია, რადგან, თუ გადავხედავთ "თბილგაზის" ისტორიას ზუსტად ასე იყო 2009 წლიდან. სწორედ იქიდან მოყოლებული, 9 წლის შემდეგ კახი კალაძე ცდილობდა "თბილგაზის" ხელში ჩაგდებას, აწარმოებდა მოლაპარაკებებს. საქმე მისთვის ხელსაყრელად მიმდინარეობდა, მაგრამ მოულოდნელად მას იმდროინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობები აერია და ეს გარიგება ჩაეშალა. ეს დადასტურებული ფაქტია და ჩემთვის უკვე ცნობილია. ახლა სავსებით ლეგიტიმურია მოსაზრება, - ხომ არ შედგა ხელახალი გარიგება კალაძესთან და ვიმეორებ, "ყაზმუნაიგაზის" ეს განცხადება, უბრალოდ, არის ნიადაგის მომზადება, რომ "ყაზტრანსგაზი" გადის და მის ნაცვლად შემოვა ვიღაც ახალი კომპანია? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქ კახი კალაძე არ გამოჩნდება, ეს კვიპროსში დარეგისტრირებული რომელიმე კომპანია აღმოჩნდება, რომლის მფლობელიც რეალურად კახი კალაძე იქნება. შესაძლოა, რომ სწორედ ასეთ მაქინაციას ჰქონდეს ადგილი. მით უმეტეს, კალაძეს დღემდე აქვს აშკარა კომერციული ინტერესები ენერგეტიკაშიც, გაზშიც, ის არის ტარიფების ზრდის ლობისტი ენერგეტიკაზეც და გაზზეც, შესაბამისად, ჩემი ეჭვი სავსებით ლოგიკურია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დამატებით შესწავლა სჭირდება.

იხილეთ სრულად