საქართველოში სერტიფიცირებული სათესლე მასალის გამოყენება სავალდებულო ხდება

უკანასკნელ ხანს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც საკმაოდ დიდია ინტერესი ორგანული სოფლის მეურნეობისა და ჯანსაღი პროდუქტის წარმოების მიმართ. ამ მხრივ საქართველოს აქვს ბიოაგროწარმოების განვითარების დიდი პოტენციალი და შესაბამისად, მიმდინარეობს ბიოაგროწარმოების მეთოდებზე გადასვლის ხელშეწყობის პროგრამის დანერგვა.

2014 წლამდე საქართველოში არ არსებობდა კანონი, რომელიც დაარეგულირებდა სათესლე მასალების ხარისხს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა განიხილოს. ამჟამად მოეწყო სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც დაითესა სერტიფიცირებული პროდუქტი სტანდარტების მიხედვით, იმისთვის რომ მიღებული პროდუქტიც ასევე სერტიფიცირებული ყოფილიყო. ახლანდელი სათესლე მასალები კი გაურკვეველი წარმოშობისაა, ამიტომ მოსავლიანობის დონე და ხარისხი დაბალია.

მარცვლეულის თესლის მწარმოებლებს სერთიფიკატებს გადასცემენ. რეალურად რას შეცვლის ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება საქართველოში, რამდენად აუცილებელი იყო ამ ნაბიჯების გადადგმა და შეეხება თუ არა აღნიშნული ცვლილებები იმპორტირებულ სათესლე მასალებს, ამის შესახებ, „პალიტრა TV“-ის ეთერში, გადაცემა ,,საქმეში“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თესლისა და სანერგე მასალების სერთიფიკაციის კვლევის სამსახურის უფროსმა, ნოდარ ხატიაშვილმა ისაუბრა.

„საკითხი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტალურია. მემცენარეობის ძირითადი საფუძველი სათესლე და სანერგე მასალაა. აქედან გამომდინარე, პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოში სათესლე და სანერგე მასალაზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღებაა. პირველ რიგში დავიწყეთ სტრატეგიული პროდუქტიდან, მარცვლეულის კულტურებიდან, რომელთა შორისაა ხორბალიც. ამ პროგრამის დაწყებამდე მოხდა ევროპული და ამერიკული სერტიფიცირების სისტემის შესწავლა, ასევე შესწავლილ იქნა საქართველოში ამ სექტორში არსებული საკანონმდებლო ბაზა. გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციის, FAO-ს ექსპერტებმა საკმაოდ მძიმე დასკვნა დადეს, რადგან საქართველოში არ არსებობს სერტიფიცირებული სათესლე მასალა, არ არსებობს კონტროლის მექანიზმი. მომზადდა კანონპროექტი, რომელიც წელს შევა პარლამენტში დასამტკიცებლად. ეს იქნება საფუძველი სერტიფიცირების სისტემის ამოქმედების. FAO-ს დახმარებით სერტიფიცირების პროცედურები უკვე დაწყებულია. აღნიშნული კანონი აყალიბებს საქართველოში ეროვნული კატალოგის შექმნას, ეს კატალოგი საბაზრო ავტორიზაციის მიზნითაა შექმნილი, რაც მოიცავს გასავრცელებლად დასაშვები ჯიშების კატალოგს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრი ფერმერი სარგებლობს უცხოეთიდან შემოტანილი მაღალი კლასის სერტიფიცირებული თესლით, ეს სათესლე მასალა არ არის ადაპტირებული საქართველოში არსებულ ნიადაგსა და კლიმატურ პირობებთან. ახალი კანონის მიღების შემდეგ, ფერმერს შესაძლებლობა ექნება შემოიტანოს სერტიფიცირებული სათესლე მასალა და აწარმოოს პირველი და მეორე თაობის თესლი, მაგრამ ამ მასალამ აუცილებლად უნდა გაიაროს გამოცდა საქართველოში სამეურნეო სარგებლიანობაზე, რათა გადაწყდეს, შევიდეს თუ არა, ესა თუ ის სათესლე მასალა ამ კატალოგში და შემდეგ გავრცელდეს. რაც შეეხება ადგილობრივი მეთესლეობის სექტორს, რომელთაც გავლილი აქვთ გამოცდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე, აქ საუბარია, რომ სერტიფიცირების პროცედურის დროს ინსპექტირების ჩატარებისას აუცილებლად დაცული იქნას ის პირობები, რომელთაც აყალიბებს საერთაშორისო სქემები. ეს სქემები კი გულისხმობს, რომ ჯიში უნდა იყოს სუფთა. დღეს კი საქართველოში სუფთა ჯიშის მოსავალს ვერ იპოვით. ფაქტიურად სათესლე მასალა არ არსებობს. ჩვენ 500 -600 ჰექტარის ხორბლის მოსავლის ინსპექტირება ჩავატარეთ, აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ნახევარი იქნა დაწუნებული.

სერტიფიცირების სისტემა მძლავრი კონკურენციის იარაღია, რადგან რაც არ უნდა კარგი პროდუქტი ვაწარმოოთ, თუ არა აქვს მას სანდო დადასტურების სისტემა, რომ ის მაღალ ხარისხობრივ მაჩვენებელს შეესაბამება, ამ პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვა ძალიან გაგვიჭირდება. სერტიფიცირების სისტემის შემოღებით დაცულია კეთილსინდისიერი მწარმოებელი, ბაზარი გაჯერებულია ხარისხიანი მასალით, რის გამოც ფერმერი გარანტირებულად ხარისხიან მასალას ყიდულობს ასევე ინვესტიციების მოზიდვის დიდი არეალი ეძლევა ქვეყანას. ინვესტორები საქართველოში არსებულ ზონას უყურებენ როგორც კარგ, ნოყიერ ნიადაგს, სათესლე ჯიშების წარმოებისთვის. საქართველოში მეწარმეებს მიეცემათ საშუალება სათესლე და სარგავი მასალის ექსპორტზე გატანისა. ორი ძირითადი პროცედურა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს პროდუქტმა, ეს არის მინდვრის საველე ინსპექტირება და მიღებული პროდუქტის ლაბორატორიული კვლევა ISTA-ს შესაბამისი სტანდარტებით (თესლის ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაცია). ამ სისტემის დანერგვა მძლავრი მექანიზმი იქნება კონკურენციისა. უკვე არიან უცხოელი, საკმაოდ მძლავრი მეწარმეები, რომელთაც აქვთ ინტერესი საქართველო გამოიყენონ იმ პოლიგონად, სადაც შეძლებენ სერტიფიცირებული სათესლე და სანერგე მასალის მოყვანასა და ექსპორტზე გატანას.  წვრილ ფერმერებს კი შეეძლებათ იგივე აგროტექნიკური დანახარჯებით მოიყვანონ არა სამეურნეო პროდუქტი, არამედ სათესლე მასალა, რომელიც ასე ჭირს დღეს საქართველოში და გაცილებით ძვირად ღირებული და შემოსავლიანია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღარ დარჩება ადგილი ფალსიფიცირებული პროდუქტისთვის, რომლითაც დღეს გაჯერებულია საქართველო.

უცხოელი მეწარმეების ინტერესს საქართველოში ბევრი ფაქტორი გამოიწვევს. მოგეხსენებათ, ყოველი ახალი ჯიშის დაპატენტება და კატალოგში შეყვანა ევროპაში სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული. გადასახადების სისტემა საქართევლოშიც შემოვა, მაგრამ გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ეს საზღვარგარეთაა. მეწარმეებისთვის მიმზიდველია ქვეყანა, სადაც ბიზნესი თავისუფალია წნეხისგან, საქართველო გამოცხადებულია გენმოდიფიცირებისაგან თავისუფალ ქვეყნად, ამ ყველაფერს კი სერტიფიკაციის სისტემა დაემატება. რა თქმა უნდა, რეგულაციები საქართველოში, როგორც შიდა ისე გარე მეწარმეებისთვის, ერთნაირი იქნება. სერტიფიცირების სისტემა ყველა მეწარმისთვის სავალდებულო გახდება“, - განაცხადა ხატიაშვილმა.

ნოდარ ხატიაშვილის თქმით, სავალდებულო სისტემის შემოღება უფრო მალე გაცხრილავს ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან. ბაზარზე უკვე ზედამხედველებს ექნებათ საშუალება, რომ შეამოწმონ და აკრძალონ ფალსიფიცირებული სათესლე მასალის ბრუნვა. ანუ სისტემა უფრო მალე ამოქმედდება. კანონში გათვალისწინებულია, რომ ეტაპობრივად მოხდება იმ სასოფლო-სამეურნეო სიის გაზრდა, რომლებიც დაექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ყიდულობს იმ პროდუქტს, რისი ყიდვაც სურს.