ერთ კილოგრამ ალექსანდროულსა და მუჯურეთულს სახელმწიფო 5 ლარად ჩაიბარებს

სახელმწიფო ერთ კილოგრამ მწიფე ალექსანდროულსა და მუჯურეთულს 5 ლარად, არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა 21 გრადუსზე ნაკლები იქნება, 3 ლარად, ძელშავისა და შერეული ჯიშის ყურძენს კი 70 თეთრად მიიღებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომელმაც რაჭის რეგიონში რთველის დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე დღეში რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაიწყება რთველი. მისი თქმით, რთველის საორგანიზაციო საკითხები ფაქტობრივად დასრულებულია. დანელიამ აღნიშნა რომ, წელს რაჭაში არის კარგი მოსავალი და ეს გაზრდილია შარშანდელ და შარშანწინდელ მაჩვენებლებთან შედარებით. "სახელმწიფო მზად არის ჩაიბაროს ჭარბი ყურძენი, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი. არც ერთი რეგიონი არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ არ ვმალავთ და პირიქით ვახალისებთ ჩვენს თანადგომას მაღალმთიან რეგიონებთან მიმართებაში. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაც შეიქმნა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალმთიანი რეგიონების ხელშეწყობა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც მინისტრმა განმარტა, სახელმწიფო მოსახლეობიდან 1 კილოგრამ მწიფე (კონდიციურ) ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მიღებას 5 ლარად, ხოლო არაკონდიციური ყურძნის, რომლის შაქრიანობაც 21 გრადუსზე ნაკლები იქნება, 3 ლარად მოახდენს, ძელშავისა და შერეული ჯიშის ყურძენში კი სახელმწიფო 70 თეთრს გადაიხდის.

ამასთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს ხელშეწყობით, მოსახლეობიდან ყურძნის მიმღები 6 პუნქტი გაიხსნება, რომელიც 08.00 საათიდან 18.00 საათამდე იმუშავებს.