დიმიტრი ქუმსიშვილი "სიდ ფორუმ ფონდის" წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი 7 ოქტომბერს ,,სიდ ფორუმ უკრაინის ფონდის" დამფუძნებელს, დიმიტრი პოდოლიევს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ნორვეგიის სახელმწიფოს დაფინანსებით "სიდ ფორუმ ფონდის" მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების საკითხი განიხილეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, "სიდ ფორუმ ფონდის" პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. მის ძირითად კომპონენტებში შედის ინოვაციური ჰაბის (iHab) ფორმირება საქართველოში. მათივე ცნობით, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ე.წ. ,,ქართული სილიკონის ველის" ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის სამომავლო განვითარებაში. პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია.

"საქართველოს მხრიდან პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განახორციელებს, რომლისთვისაც ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვა პრიორიტეტია. იგი ინსტრუმენტია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, შემოსავლების ზრდისა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.