სემეკი დავების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებების მესამე კვარტალის ანგარიშს აქვეყნებს. კომპანიის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, სექტორების მიხედვით მოქალაქეთა საჩივრების უმეტესობა შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის", სს "თელასისა" და შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმართ დაფიქსირდა, ხოლო ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 62 850.06 ლარი შეადგინა.

კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში 2015 წლის მესამე კვარტალში სულ 349 განცხადება/საჩივარი შევიდა. აქედან, ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით - 176 განცხადება/საჩივარი, ელექტროენერგიასთან დაკავშირებით - 105 განცხადება/საჩივარი, ხოლო სასმელ წყალთან დაკავშირებით 66 განცხადება/საჩივარი დაფიქსირდა. ბუნებრივი გაზის სექტორში ყველაზე მეტი - 172 განცხადება/საჩივარი შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მიმართ ფიქსირდება. გარდა ამისა, მომხმარებელთა საჩივრების დეპარატმენტში შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" მიმართ - 2 განცხადება/საჩივარი შევიდა, შპს "ვარკეთილაირის" მიმართ - 1 და შპს "საქორგგაზის" მიმართ- 1 განცხადება/საჩივარი.  ელექტროენერგეტიკის სექტორში ყველაზე მეტი - 93 განცხადება/საჩივარი სს "თელასის" მიმართ იყო, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიმართ - 11 განცხადება/საჩივარი, ხოლო სს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიმართ - 1 განცხადება/საჩივარი.  რაც შეეხება სასმელი წყლისა და წყალანირების სექტორს, 2015 წლის მესამე კვარტალში მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში ყველაზე მეტი - 51 განცხადება/საჩივარი შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმართ დაფიქსირდა, შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების" მიმართ - 13 განცხადება/საჩივარი, ხოლო შპს "მცხეთის წყლის მიმართ" – 2 განცხადება/საჩივარი.

განცხადება/საჩივრები დაყენებული მოთხოვნების მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე 35 განცხადება/საჩივარი; ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებული დადგენილებისა და დარიცხვის თაობაზე 69 განცხადება/საჩივარი; კომპანიის მიერ განხორციელებული დარიცხვის თაობაზე 56 განცხადება/საჩივარი; ხანდაზმული დავალიანების თაობაზე 79 განცხადება/საჩივარი.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.