სასჯელაღსრულების სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მაღაზიებისა და კვების ინსპექტირებას იწყებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მაღაზიებისა და კვების ინსპექტირებას იწყებს.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით,  მაღაზიებისა და კვების ინსპექტირების შესაბამისი კომისიები მინისტრ კახა კახიშვილის ბრძანების თანახმად შეიქმნა. ინსპექტირების კომისია ყველა დაწესებულებაში ჩამოყალიბდა. კომისიების შემადგენლობაში შედიან სოციალური მუშაკი, ექიმი, დაწესებულების ადმინისტრაციის და უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლები. კომისიები შეამოწმებენ ბრალდებულთათვის/ მსჯავრდებულთათვის განსაზღვრული კვების ულუფის ოდენობას; პროდუქტებისა და მზა კერძების განთავსების ადგილის სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს; საკვების მიწოდების დროს დღის განრიგთან შესაბამისობაში; კვების პროდუქტების ხარისხსა და წარმომავლობას. პროდუქტის ან მზა კერძების დაწუნების შემთხვევაში, კომისია მას შესამოწმებლად დამოუკიდებელ ექსპერტს გადაუგზავნის.

რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მაღაზიების ინსპექტირებას, კომისიები მაღაზიებში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს შეამოწმებენ; ყურადღება მიექცევა შეტანილი პროდუქტების ვადებსა და ღირებულებებს; პროდუქციის რაოდენობასა და სახეობებს.