შემოსავლების სამსახური ლარსისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერების ნაკადის შეფერხებას რუსულ მხარეს უკავშირებს

შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი ლარსისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერების ნაკადის გაჩერებას რუსულ მხარეს უკავშირებს.

როგორც მოისწრაფიშვილმა განაცხადა, ტრაილერების გაჩერების მიზეზი მეზობელი ქვეყნის მხარეს შექმნილი ვითარებაა.  რაც შეეხება პრობლემის მოგვარებას, შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსის განცხადებით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გაატარებს რუსეთი იმ ნაკადს, რომელიც ამ წუთებშია გაჩერებული. "ჩვენი მხრიდან არანაირი შეფერხება არ არის. ჩვენ ვატარებთ ზუსტად იმდენს, რამდენიც შესაძლებელია, რომ ნეიტრალურ ზონაში გადავიდეს და შემდეგ უკვე მოხდეს მათი გატარება რუსეთის მხარეს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი შესაძლებლობები, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე კადრების თვალსაზრისით, მზად არის მოემსახუროს გაცილებით დიდ რაოდენობას", - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, კომუნიკაცია არის მუდმივად როგორც მებაჟეების, ასევე სხვა დონეებზე, "უბრალოდ ზოგჯერ ასეთი პრობლემა იჩენს თავს".