"მთავრობამ 2004-2012 წლებში ლობისტებზე 10 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა, 2013-2015 წლებში კი - 4 მლნ ლარი"

"ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ 2004-2012 წლებში ლობისტურ საქმიანობაზე 10 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, 2013-2015 წლებში კი - 4 მილიონი ლარი.

"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტ ლაშა ციბაძის განცხადებით, 2003-2012 წლები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო ლობისტური კომპანიების საქმიანობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარიცხული თანხების დიდი მოცულობით გამოირჩევა. ამ მიმართულებით, საყოველთაოდ ცნობილია ამერიკული Podesta Group და Orion Strategy. "არასრული ინფორმაციით, 2004 წლიდან 2011 წლის მეორე ნახევრამდე, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკაში ლობისტურ მომსახურებაზე მინიმუმ 5,5 მლნ დოლარი დახარჯა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ 1.666 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო ამერიკელ ლობისტებთან. 2004 წლის დასაწყისიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველომ დახარჯა 2.619 მლნ ამერიკული დოლარი აშშ-ში თავისი პოლიტიკური იმიჯის გამოსასწორებლად. აქვე აღსანიშნავია, საკმაოდ გახმაურებული, საქართველოს მთავრობის ლობისტი, შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარლ ბილდტი, რომელთანაც წინა ხელისუფლებას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. სწორედ კარლ ბილდტის კომპანია Kreab-მა განახორციელა საქართველოს ხელისუფლების არაერთი დაკვეთა, როგორც ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების საერთაშორისო იმიჯის ლობირებისთვის, ასევე, პოლიტიკურ ინსტიტუტებთან საქართველოს ხელისუფლების შეხედულებების გატანის თვალსაზრისით", - განაცხადა ლაშა ციბაძემ.

მისივე თქმით, "ლობისტური საქმიანობისთვის ყველაზე დიდი თანხები დახარჯულია 2003-2012 წლებში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულებებს; როდესაც მუდმივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან; როდესაც სისტემურად "გადასცემდნენ" მოქალაქეები საკუთარ ქონებას სახელმწიფოს უსასყიდლოდ; როდესაც მიმდინარეობდა "დაუმორჩილებელი" ბიზნესის ტერორი".  "ამ ყველაფრის საფუძველზე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ლობისტურ კომპანიებზე მილიონობით გადარიცხული თანხა უკანონოდ მოპოვებული თანხების კანონიერად წარმოჩენის საშუალებაა", - აღნიშნა "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტმა.

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ ხელისუფლების ლობისტური საქმიანობის ანალიზიც მოახდინეს და აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის საფუძველზე, მთავრობის ლობისტური საქმიანობა არა პოლიტიკოსების პერსონალური იმიჯის საკითხს ეხება, არამედ მთლიანად მიმართულია ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით.  "საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მთავრობა ლობისტური საქმიანობისთვის ფინანსურ სახსრებს არა ქვეყნის ბიუჯეტიდან, არამედ სარეზერვო ფონდიდან მიმართავს. 2013, 2014 და 2015 წლებში მთავრობამ სამი კონტრაქტი სამ სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან - Pattion Boggs, Squire Pattion Boggs და Pillsbury Winthrop shaw pittman llp-თან გააფორმა. კონტრაქტების საერთო ღირებულებამ 4 705 076, 85 ლარი შეადგინა", - განაცხადა ლაშა ციბაძემ.

ორგანიზაციის შეფასებით, ევროინტეგრაციის საკითხზე ლობისტური საქმიანობისთვის, ქვეყნის მიერ გაღებული თანხები მოკრძალებული და მცირეა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მთავრობის მხრიდან ეფექტური PR-კამპანიების ხარჯვითი ნაწილის მიმართ უარზე. ,,ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, მთავრობამ უნდა გაზარდოს ლობისტური საქმიანობისთვის დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების მოძიებაც და ხარჯვითი ნაწილი მიმართულ იქნას სახელმწიფოს წინაშე არსებული საკითხების წარმოჩენისთვის. ამასთან, ორგანიზაცია მოითხოვს, წინა ხელისუფლების დროს ლობისტური საქმიანობისთვის ბიუჯეტიდან გაღებული თანხების მიზნობრიობის საკითხიც შემოწმდეს და შეფასდეს.