სოციალური საწარმოები შეიძლება დაიხუროს

არასამთავრობო სექტორი სახელმწიფოსგან სოციალური მეწარმოების განვითარების მხარდაჭერას ითხოვს

დღეისთვის პანკისის ხეობაში სამი სოციალური საწარმო ფუნქციონირებს: ხანდაზმულთა შინმოვლის ცენტრი, საკვირაო სკოლა და შშმ პირთა დღის ცენტრი. საწარმოების მიზანი სოფლად მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის დასაქმება და მათთვის საჭირო სერვისების უსასყიდლოდ შეთავაზებაა. სოცსაწარმოებს გამართულად მუშაობისთვის სახელმწიფოსგან ფინანსურ მხარდაჭერა სჭირდებათ. ადგილობრივი ხელისუფლება კი მწირი ბიუჯეტის ფონზე ხელმომჭირნე გახდა. ამიტომ, სიტყვიერი დაპირებების მიღმა საქმე წინ არ წასულა. მიუხედავად ამისა, პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტილებას პროექტის სასარგებლოდ მიიღებს.

მიმდინარე წელს პანკისში სამი სოციალური საწარმო გერმანული ორგანიზაცია არბაიტერ-სამარიტე-ბუნდისას (ASB-საქართველო) სოციალური პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა. ორგანიზაციას საგრანტო თანხა წლის ბოლოს ეწურება და ამ პროექტების შემდგომი ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იმისათვის, რომ მუშაობა გააგრძელონ, სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო.

გულნაზ გუნაშაშვილი, პანკისის „საკვირაო სკოლის“ ხელმძღვანელი:

„ამ პროექტის გაგრძელება აუცილებელია, რადგან აქაური ბავშვებისთვის ეს ერთადერთი გასართობია, სადაც თამაშთან ერთად სწავლობენ, ფილმებს უყურებენ, ექსკურსიაზე დადიან და მათი თვალსაწიერი იზრდება. ძალიან მინდა და ეს ბავშვების სურვილიც არის, რომ ჩვენი სკოლა არ დაიხუროს. უნდა ნახოთ შაბათ-კვირას აქ რა ჟრიამულია. სოფელში ერთი სკოლა გვაქვს, სხვა წასასვლელი ამ ბავშვებს არსად აქვთ.“

გიორგი არსანიძე, ASB-საქართველო-ს კოორდინატორი: - „საქართველოში ეს არის სოციალური პარტნიორობის პირველი ნაბიჯები არასამთავრობო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უცხოა. პრაქტიკულად, უფრო მეტი წარუმატებლობაა, ვიდრე წარმატება. თუმცა, ერთი წარმატებული მაგალითიც კი საკმარისია იმისათვის, რომ შემდეგი პროექტები დავაფინანსოთ. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, პანკისში საკმაოდ პესიმისტური განწყობაა. თუმცა, აქტიურად ვცდილობთ ახმეტის მუნიციპალიტეტმა მზაობა გამოიჩინოს, რომ რაღაც ნაწილში მაინც თანადაფინანსება მოხდეს და ეს საწარმოები არ დაიხუროს. მსგავსი სოციალური საწარმოები სამეგრელოსა და ქვემო ქართლშიც დავაფინანსეთ. პროექტის დასრულების შემდეგ, ზოგი სოცსაწარმო სახელმწიფომ გადაიბარა. ამ პროექტის მიზანიც ეს არის, რომ სერვისები სახელმწიფომ გადაიბაროს ანუ სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორს შორის ეფექტური თანამშრომლობა შედგეს“.

bpn

ზოგადად, მსოფლიოში სოციალური მეწარმეობის მიმართ ინტერესი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ის ერთდროულად მოიცავს სოციალური მისიისკენ სწრაფვასა და ბიზნესის ტიპის საქმიანობას.

სოციალური მეწარმეობა ანუ ბიზნეს მიდგომა სოციალური მიზნებისთვის,  ასეთია მისი მოკლე განმარტება, ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ხილია. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო სექტორის ზოგი წარმომადგენელი ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებასა და სახელმწიფოს გააქტიურებას ცდილობს, ეს მაინც არ არის საკმარისი. ამ მიზნით, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც განსახილველად პარლამენტმა უკვე მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციონალიზაციისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის სამართლებრივი საფუძვლები შეიქმნას.

სტატისტიკის არარასებობის გამო რთულია იმის თქმა, რამდენი სოციალური საწარმოა საქართველოში.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი, ეკა დათუაშვილი ამბობს, რომ მოქმედი კანონმდებლობით სოციალური საწარმო და სტანდარტული ბიზნესი, რომელიც მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული, ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის, რაც არასამართლიანია: „სოციალური საწარმოს ძირითადი მიზანია სოციალური პრობლემის მოგვარება, ხოლო ჩვეულებრივი საწარმო მოგებაზე, ბიზნესის წილის მფლობელების პირად ინტერესებზეა მორგებული. სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფოს მხარდაჭერა აუცილებელია. თუმცა, ეს არ გულისხმობს მხოლოდ საგადასახადო შეღავათებს, არამედ ამ მიმართულების პოპულარიზაციას, ფინანსებზე განსხავვებულ ხელმისაწვდომობას, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მხარდაჭერას და სხვა. იმისათვის, რომ მსგავსი მხარდაჭერის პროგრამები შევიმუშავოთ, აუცილებელია სოციალური საწარმოსა და ჩვეულებრივი ბიზნესის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ჩვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანიც ეს არის, რომ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი და განიმარტოს რა არის სოციალური მეწარმეობა.“

არსებული კანონმდებლობით, სამეწარმეო საქმიანობისთვის გრანტი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და სასწავლო დაწესებულებებისთვის გაიცემა. ზემოთ ხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა კი, სოციალური საწარმოებისთვის გრანტის გაცემასაც ითვალისწინებს. „კანონპროექტში განმარტებულია მოგების კრიტერიუმი - სოციალურმა საწარმომ მოგების 70% კვლავ საწარმოს განვითარებას უნდა მოახმაროს, ანუ მოგების რეინვესტირება სოციალურ მიზნებში უნდა მოახდინოს. სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც სოციალური მეწარმეობა განვითარებულია, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაც მაღალია. ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტის ორ კომიტეტში მიმდინარეობს - დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტოში,“ - ამბობს დათუაშვილი.

სოციალური მეწარმეობა უცხოეთში

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკისა და ევროპის არამომგებიანი ორგანიზაციები მსგავს საქმიანობას უკვე საკმაოდ დიდი ხანია ეწევიან, ტერმინი სოციალური მეწარმეობა სათავეებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს. თუმცა, დინამიკური განვითარება 90-იანი წლებიდან დაიწყო. რაც შეეხება ევროპაში სოციალური საწარმოს განვითარებას, პირველი იმპულსი ევროპაში იტალიის კოოპერატიული მოძრაობიდან განვითარდა. 1991 წელს იტალიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელმაც შემოიტანა კოოპერატივების ახალი, სპეციალური ფორმა „სოციალური კოოპერატივი“. მას შემდეგ, სოციალური მეწარმეობა სწრაფად ვითარდება ევროპაში. მას მრავალ ქვეყანაში საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ხელისუფლების ორგანოებიდან. სოციალური საწარმოს ერთ-ერთი მაგალითია წამალდამოკიდებულ ადამიანთა რეაბილიტაცია. საწარმოში 109 მოხალისე და 313 თანამშრომელია დასაქმებული. თანამშრომელთა 32, 5%-მა თავის დროზე ამ ცენტრში რეაბილიტაციის კურსი გაიარა. საწარმო თანამშრომლების ხელფასს და სხვა ხარჯებს ცენტრის მიერ სხვადასხვა სახის მომსახურებიდან შემოსული თანხით ფარავს. კვების პროდუქტები, ღვინო, ავეჯის დიაზინი და დამზადება, აუდიოვიზუალური და გრაფიკული მომსახურება, ცხენებისა და ძაღლების მოვლა, ყვავილებისა და ბაღის მცენარეების მოვლა და კერძო შემოწირულობები - ეს იმ მომსახურების ჩამონათვალია, რასაც ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს და შემოსავალსაც იღებს.

სოციალური საწარმოს თვალსაჩინო მაგალითია Grameen Danone-ს ერთობლივი პროექტი, რომელიც 2006 წლიდან ბანგლადეშში ხორციელდება. საწარმოს შექმნის მიზანი იყო ისეთი რძის პროდუქტების შექმნა, რომელიც ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებებით გაჯერებული იქნებოდა. ამავდროულად, ეს პროდუქტი ღარიბი ფენისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. პროექტი, რომლის მიზანიც სიღარიბესთან ბრძოლა და სამუშაო ადგილების შექმნა იყო, დღემდე წარმატებით ხორციელდება. საწარმო თავის თავს ინახავს, თუმცა მოგებაზე ორიეტირებული არ არის. სოციალური საწარმოს კიდევ ერთი მაგალითია Tom Shoes, რომელიც კალიფორნიაში 2006 წელს დაარსდა. პროექტის მიზანია – ერთი ერთისთვის („One for One”), ანუ მყიდველი საკმაოდ იაფფასიან ფეხსაცმელს, ონლაინშეკვეთით შედარებით ძვირად ყიდულობს. თუმცა, მის მიერ გადახდილი თანხის ნაწილით ახალი ფეხსაცმელი იკერება, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ეგზავნება. სხვათა შორის, ამ პროექტის ფარგლებში Tom Shoes ფეხსაცმელები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ ბავშვებსაც გამოუგზავნეს.

სალომე გოგოხია