ივანიშვილი აფხაზეთში უძრავი ქონების მასობრივად შესყიდვას გეგმავს?

სოხუმში უცხოელებისათვის აფხაზეთის უძრავი ქონების ბაზრის გახსნის თემის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება და ამ დაპირისპირებაში მთავარი მტრის ადგილი ისევ ქართველებს უჭირავთ. რამდენიმე დღის წინ ამასთან დაკავშირებით აფხაზმა მეცნიერებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც სწორედ ასეთ შიშზეა საუბარი. რაც ყველაზე საინტერესოა, მათი ცნობით, საქრათველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სპეციალური ფონდი, რათა აფხაზეთში უძრავი ქონება მასობრივად შეისყიდოს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი სერგეი შამბა, რომელიც ადრე ე. წ. პრემიერ-მინისტრი იყო, რუსეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების გაყიდვაზე შეზღუდვების მოხსნის მომხრეა და ამ იდეის ბოლომდე გატანისათვის "პარლამენტში" 7-კაციანი ფრაქციაც შექმნა. შამბას თქმით, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისთვის უძრავი ქონების გაყიდვა აუცილებელია და თუკი ამ ქონებას ივანიშვილი რუსეთის მოქალაქე ქართველების სახელით იყიდის, ამაში საშიში არაფერია, რადგან ქართველები ამ ქონებას ვერ გამოიყენებენ. "მე არ მესმის, ვიღაც ქართველმა აფხაზეთში უძრავი ქონება როგორ უნდა იყიდოს, ან ყიდვის შემდეგ რას გააკეთებს, რაში გამოიყენებს მას? მოვა და აქ დაისვენებს ან იცხოვრებს? თუკი ამგვარი პროგრამა არსებობს, ეს არარეალისტურია. ქართველებმა იარაღით ხელში ვერ შეძლეს აქ დამკვიდრება და იარაღის გარეშე საცხოვრებლად როგორ მოვლენ?" - აცხადებს შამბა აფხაზ ჟურნალისტთან იმ შეკითხვის საპასუხოდ, რომ აფხაზ მეცნიერებს აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ექსპრემიერმა ივანიშვილმა აფხაზეთში უძრავი ქონების მასობრივად შესყიდვის მიზნით სპეციალური ფონდი შექმნა.

მისივე თქმით, აფხაზეთის უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელების დაშვებით შესაძლოა რუსეთის მოქალაქე ქართველებმა ისარგებლონ და ამასთან დაკავშირებით სოხუმში შესაბამისი "თავდაცვის მექანიზმი" უნდა შეიმუშაონ.

"როგორც იცით, ყველა კანონში გარკვეული საფრხთე იმალება. ამიტომაც ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ნებისმიერი საფრთხე მინიმუმამდე დავიყვანოთ. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ქართველებს ჰქონდეთ განსაკუთრებული ინტერესი, მაგრამ ამის კონტროლი შესაძლებელია. შემიძლია დაგარწმუნოთ, თუკი ეს საკითხი პარლამენტში განიხილება, ყველაფერი ყურადღებით გადაიხედება და თავდაცვის მექანიზმი უზრუნველყოფილი იქნება", - აცხადებს შამბა.

ინტერვიუში შამბა ამბობს იმასაც, რომ ვინც ქონების გაყიდვის წინააღმდეგია, მაშინ მათ კეთილი ინებონ და უარი თქვან რუსულ ხელფასებზე, რუსულ პენსიასა და საერთოდ რუსულ დახმარებაზე. "ჩვენ გვინდა, რომ რუსეთის მოქალაქეები ჩამოდიოდნენ ჩვენთან, ისვენებდნენ და ხარჯავდნენ ფულს. ეს ჩვენთვის მომგებიანია და მოგვწონს. დაე, იყოს უფრო მეტი რუსი, რომელიც ჩამოვა ჩვენთან და დაისვენებს. მე ეს მინდა. ისინი აფხაზეთის მოქალაქეობას არ იღებენ და აქ ხმის მისაცემად, ჩვენი პრეზიდენტისა თუ ჩვენი ქვეყნის განვითარების გზის ასარჩევად არ მოვლენ, მხოლოდ უძრავ ქონებას იყიდიან და დასასვენებლად ჩამოვლენ. ვინც ქონების გაყიდვის წინააღმდეგია, მაშინ რუსულ პენსიაზე, რუსულ დახმარებაზეც უარი თქვას. ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება. ასე რომ, მოდით მადლობა ვუთხრათ რუსეთის ფედერაციას იმ მხარდაჭერისათვის, რასაც ისინი ჩვენ გვიწევენ", - აღნიშნავს შამბა.

მისივე თქმით, დიდი ხანია არსებობს ჩრდილოვანი ბაზარი, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინები იყიდება და იყიდება მიწებიც, რაც კონსტიტუციით აკრძალულია. ამ შავი ბაზრის არსებობით კი კრიმინალურ გამოვლინებებს ეძლევა ბიძგი, ამიტომაც თვლის, რომ სჯობს ყველაფერს კანონიერი სახე მიეცეს. თუმცა, შამბასა და მისი გუნდის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის აფხაზეთის ინტელიგენცია, რომელმაც სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბაზრის გახსნა "აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისათვის" ტრაგიკული შედეგის მომტანი იქნება.

"დაუშვებლად მიგვაჩნია გადაიხედოს აფხაზეთის სამართლებრივი ბაზა უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვის შეზღუდვის მოხსნაზე. უძრავი ქონების გაყიდვაზე შეზღუდვების მოხსნა და აფხაზეთში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა დიდი ფინანსების მიზიდვის მოტივით იმით დასრულდება, რომ საფრთხე შეექმნება აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას. ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის შემოსავალი საარსებო მინიმუმს ძლივს აღწევს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კონკურენციას ვერ გაუწევს და ეთნო-კულტურული და დემოგრაფიული რეალობიდან გამომდინარე, შედეგი აფხაზი ხალხისათვის ტრაგიკული იქნება~, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს რამდენიმე აფხაზეთში ცნობილი პირი აწერს.

ამ თემას აქტიურად განიხილავენ აფხაზურ ინტერნეტ-ფორუმებზეც. შამბას ინტერვიუს პასუხად ბევრი წერს, რომ ისინი უძრავი ქონების გაყიდვის მოწინააღმდეგენი არიან და ის, რომ რუსეთი მათ მხარს უჭერს, არ ნიშნავს, რომ ყველა რუსული ინტერესი უნდა გატარდეს.

ფორუმებზე ქართველების თემაც აქტუალურია. "სულაც არ არის აუცილებელი ქონება იყიდო და იცხოვრო შენს უძრავ ქონებაზე. სრულად შესაძლებელია იყიდო ახლა და დაელოდო ბუნებრივ მიზეზებს, მაგალითად იმ დროს, როდესაც ფეხბურთის თაყვანისმცემლები გახდებიან უფრო მეტნი, ვიდრე ომის ვეტერანები. აი, მაშინ კი ქართველები მშვიდად შემოვლენ აფხაზეთში და ჩვენ მათთან ერთად მოგვიწევს "წინანდლისა" და "ქინძმარაულის" დალევა".

"მარტო დღევანდელი დღით ცხოვრება არ შეიძლება. ადრე მეც ვიყავი მომხრე უძრავი ქონების შეზღუდულად გაყიდვის მომხრე, მაგრამ აფხაზეთში ბოლო დროს ზედიზედ განვითარებული მოვლენები მაიძულებენ ამ იდეას ფრთხილად შევხედო", - წერს ერთ-ერთი აფხაზი და მის გარდა ამგვარი განწყობით სოხუმში კიდევ ბევრია.

აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ აფხაზებს დემოგრაფიული შიში აქვთ, საჯაროდ რუსებზე ვერ ლაპარაკობენ და ამიტომაც მხოლოდ ქართველებისკენ იშვერენ ხელს. "ეს კანონი, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების ბაზრის გახსნას ეხება, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვისაა გათვლილი. თუკი მისი ინიცირება და მიღება მოხდა, ეს აფხაზეთში რუსების რიცხვს გაზრდის და აფხაზებს ამიტომაც აქვთ დემოგრაფიული შიში. თუმცა ხმამაღლა რუსებზე ვერ საუბრობენ, ამიტომაც ძირითადად აპელირებენ იმაზე - ქონება ქართველებმა არ იყიდონო. ამ კანონის მიღებას აფხაზებს კრემლი აძალებთ. ძალიან ბევრმა რუსმა შავ ბაზარზე იყიდა უძრავი ქონება, მაგრამ რადგანაც გაფორმების უფლება არ ჰქონდათ, აფხაზებზე გააფორმეს, აფხაზებმა კი ეს გაყიდული ქონება წაართვეს. ამ საკითხზე ძალიან ბევრი დავა არსებობს. ძალიან ბევრი რუსია "გადაგდებული". ამიტომაც აძალებენ აფხაზებს, რომ რუსეთის მოქალაქეებს სახლების ყიდვის უფლება მისცენ. ვერ იტყვიან, რომ რუსები არ უნდათ და ბაზრის გახსნის საწინააღმდეგო საბაბად იმას იყენებენ, არ გვინდა ქართველები შემოვიდნენო. რუსებს სხვისი მიწები არ უნდათო, რომ იძახიან, ეს ხომ სულელური არგუმენტია, რუსების ინტერესები ყველამ იცის. ივანიშვილმა ფონდი რომ შექმნას და რუსეთის მოქალაქე ქართველებმა აფხაზეთში ქონება იყიდონ, ეს რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენა იქნება. მართალია, ახლა ვერავინ ვერ შევა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა იქნება მომავალში. შესაძლოა მოვიდეს დრო და ახალგაზრდა აფხაზებისათვის მომავალში ქართველი არ იყოს მტრად აღქმული. რადგანაც ამ შესაძლებლობის შიში აქვს დღეს აფხაზების ნაწილს, შესაძლოა არის რაღაც ტენდენცია და ამიტომაც აპროტესტებენ ამას", - ამბობს კიკნაძე.

ეკატერინე ბასილაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"