თამაზ მეჭიაური: პენსიების გაზრდა კიდევ უფრო მეტად იქნებოდა ჩემთვის მისაღები, თუ შესაბამისი ბიუჯეტის კომპონენტები არ დაზიანდებოდა

მიმაჩნია, რომ პენსიების გაზრდა კიდევ უფრო მეტად იქნებოდა ჩემთვის მისაღები, თუ შესაბამისი ბიუჯეტის კომპონენტები არ დაზიანდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს 2016 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განუცხადა.  მისი თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სამი დღის განმავლობაში განიხილავდა ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს.  "20 ოქტომბრისთვის კომიტეტებიდან წარმოდგენილი იქნება შენიშვნები, რომელიც განხილვების შედეგად იქნება თავმოყრილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და საბოლოო შენიშვნები მთავრობას გადაეგზავნება", - განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, ბიუჯეტის განხილვის დროს არის ორი უკიდურესი მიმართულება, ზოგი ამბობს, რომ სოციალურად ორიენტირებულია, ზოგი კი მეტად სოციალურ ბიუჯეტს მოითხოვს. "მიმაჩნია, რომ პენსიების გაზრდა კიდევ უფრო მეტად იქნებოდა ჩემთვის მისაღები, თუ შესაბამისი ბიუჯეტის კომპონენტები არ დაზიანდებოდა. არც ის არის სწორი, რომ ყველაფერი სოციალურ სფეროში გადმოვქაჩოთ და ამით გამოვიწვიოთ კრიზისი სხვა მხარეს. ჩვენთვის საბოლოო მიზანი არის ადამიანი, ციფრებით რომ ვიმსჯელოთ, პენსიონერთა რაოდენობა გაიზარდა 40 ათასი კაცით. ეს ნიშნავს იმას, რომ პენსიონერი ხომ არ დაბადებულა? შემოუერთდა პენსიონერთა რიგებს 40 ათასით მეტი, ვიდრე დატოვა - დატოვება ნიშნავს სიკვდილს. ეს ნიშნავს იმას, რომ სიკვდილიანობა შემცირდა დაახლოებით ამდენით. სიკვდილიანობა რის ხარჯზე შემცირდა? ალბათ უფრო მეტად ჯანდაცვის გაუმჯობესების ხარჯზე. ე.ი იმ სახსრებმა, რომელიც ჩადებული იყო ჯანდაცვაში, მოგვცა ეს შედეგი. ამ შედეგმა მოგვცა ის, რომ 40 ათასით მეტ კაცს უნდა გადავუხადოთ პენსია. დააწვა ესეც ხომ იმ სოციალურ ხარჯებს? მაგრამ მერე რა, ჩვენთვის ადამიანია მნიშვნელოვანი. შეიძლება რაღაც ეტაპზე ზრდისგან, თუ არ იქნება ამის საშუალება, თავი შევიკავოთ და არა ჯანდაცვის სახსრები შევამციროთ", - განაცხადა მეჭიაურმა.

მისი თქმით, ბიუჯეტს სჭირდება სიღრმისეული განხილვა და ორი კვირაში იქნება შესაძლებელი, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.