კახა კალაძე: თუ მოვახერხებთ რუსეთიდან გაზის დამატებითი მოცულობების წამოღებას, ეს ძალიან კარგი იქნება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს.

როგორც კახა კალაძემ ქართველ და რუს ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, "გაზპრომის" მენეჯმენტთან საქართველოს გავლით ბუნებრივი არის ტრანზიტის გაზრდის შესაძლებლობებზე და ასევე კომერციული ოპერატორებისათვის, კონკურენტულ ფასად, რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანაზე იმსჯელა.  "ბრიუსელში "გაზპრომის" წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრა მქონდა. ასეთი შეეხვედრა პირველი არ ყოფილა, ჩვენ წლების განმავლობაში კარგი, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს, ამ თვალსაზრისით. ეს იყო სამუშაო ტიპის შეხვედრა, რომელზეც საუბარი გაიმართა მილსადენით ქვეყანაში ტრანზიტის გაზრდაზე. ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება იყოს დატვირთული და ტრანზიტი იყოს გაზრდილი. შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ კერძო კომპანიებს მიეცეთ საშუალება, რუსეთიდან ბუნებრივი აირი შემოიტანონ", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის კომენტირებისას.

მისივე განმარტებით, "თუ მოვახერხებთ, რუსეთიდან დამატებითი მოცულობების წამოღებას, ეს ძალიან კარგი იქნება". "როგორც იცით, ჩვენთვის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა რაღაც მოცულობებზე არის გარკვეული პრობლემები. თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ რუსეთიდან შესაძლებელი იქნება დამატებითი მოცულობების წამოღება, რა საკვირველია, კონკურენტუნარიან ფასებში, რომელიც გაუწევს კონკურენციას აზერბაიჯანიდან მოწოდებულ ბუნებრივ აირს, ეს ძალიან კარგი იქნება",- განმარტა კალაძემ.