თბილისში "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო "ჰოლიდე ინნ"-ში "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართა. როგორც "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ ზვიად თოიძემ განაცხადა, აღნიშნული ასოციაცია მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა დააფუძნეს და ამჟამად მასში 18 კომპანიაა გაერთიანებული.

"ასოციაციაში ის კომპანიები არიან გაერთიანებულები, რომლებსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებლობის დიდი ნაწილი აქვთ შესრულებული. ასოციაცია შექმნილია სექტორის განვითარებისთვის. გარდა ამისა, არსებობს ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დროს არ მოხდა, შესაბამისად, ახლა სახელმწიფოსთან ერთად, გვინდა ჩვენი როლი ვითამაშოთ იმ კანონმდებლობის დახვეწაში, რაც ეხება შესყიდვებს, თუ სხვა სამშენებლო სექტორთან დაკავშირებულ კანონმდებლობას", - განაცხადა თოიძემ.

მისივე თქმით, ასოციაციაში გაწევრიანებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ კომპანია იყოს კეთილსინდისიერი და საქმიანი რეპუტაციის მქონე. აიპ "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის ანა საბახტარიშვილის თქმით, სამშენებლო სფეროში ასოციაციის შექმნა ერთიანმა ინტერესმა განაპირობა, რომელიც კომპანიებს გააჩნდათ. "კომპანიების ერთიანი მიზნის გარშემო გაერთიანება განაპირობა ერთი მხრივ, იმ გამოწვევებმა, რომელიც დღეს ბიზნესსექტორს გააჩნია და ესაა - საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, ხელშეწყობა სახელმწიფოსთვის თუნდაც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით, ჯანსაღი კონკურენციის გაზრდა და ა.შ. რაც შეეხება კონკრეტულ პრობლემატიკას, ბევრია დაგროვილი ათწლეულების განმავლობაში, თუმცა ეტაპობრივად მათი მოგვარება ხორციელდება", - განაცხადა საბახტარიშვილმა.

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" შემდეგ კომპანიებს აერთიანებს: "ზიმო", "ინ-სი", "კალასი", "ანაგი", "ელიტა ბურჯი", "ფერი", "დაგი", "სამშენებლო კომპანია N1", "სერვისი", "კავკასუს როუდ პროჯექტი", "ტრანსმშენი", "ელექტრო მონტაჟ სერვისი", "პალადა", "ხიდმშენი", "წყალკანალრემმშენი", "ენსისი", "Fin Estate".