კომპანია "ინტერ-რაო ეესი" ქართული ბაზრის დატოვებას არ აპირებს

რუსული კომპანია "ინტერ-რაო ეესი" ქართული ბაზრის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ კომპანიის სტრატეგიისა და ინვესტიციების მიმართულების ხელმძღვანელმა, ილნარ მერსიაპოვმა ქართველ და რუს ჟურნალისტებთან სასტუმრო "რედისონში" გამართულ შეხვედრაზე, მედიის წარმომადგენლების შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. აღნიშნულის პარალელურად ილნარ მერსიაპოვი სომხური მედიით გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ კომპანიამ სომხური ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მართლაც მიიღოს. მისი თქმით, "რაღაც მომენტში საჭიროა ოპოტიმალური გადაწყვეტილების მიღება".

"რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ კმაყოფილი ვართ მდგომარეობით. რა თქმა უნდა, ესა თუ ის ნიუანსი მემორანდუმის ფარგლებში იცვლება, რომელიც განსაზღვრავს ორივე მხარის თანამშორმლობას - მაგალითად ბოლოს, ტარიფის აწევამ ცოტა შეამცირა მოგების მარჟა, მაგრამ ცხოვრება მოითხოვს. ასე რომ, თავშიც კი არ მოგვსვლია ჩვენ იგივეს გაკეთება საქართველოსთან მიმართებაში. ყველაფერი კარგად ფუნქციონირებს აქ. ჩვენ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომელსაც მხარეები იცავენ. ეს არ იქნება სწორი სვლა ჩვენი მხრიდან", - განაცხადა "ინტერ რაოს" სტრატეგიისა და ინვესტიციების მიმართულების ხელმძღვანელმა.