დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ გვაქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ თბილისი გახდეს საარბიტრაჟო ცენტრი რეგიონში

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" რეგიონული არბიტრაჟის განვითარებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომლის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართა.

კონფერენცია, სახელწოდებით "რეგიონული არბიტრაჟის განვითარება, რეალობა, გამოწვევები და პერსპექტივები" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის, გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს წარმომადგენლებმა მოაწერეს.

"საქართველოში რეგიონული საარბიტრაჟო ცენტრის ჩამოყალიბება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს. სახელმწიფოში სანდო, მიუკერძოებელი და ეფექტური საარბიტრაჟო დაწესებულების, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის არსებობა საინვესტიციო გარემოს განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს ყველა პოტენციალი, მათ შორის გეოგრაფიული მდებარეობა, ენების ცოდნა, კარგი იურისტები, ანუ ყველა პირობა იმისთვის, რომ თბილისი გახდეს საარბიტრაჟო ცენტრი რეგიონში, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, იქნება კიდევ ერთი უპირატესობა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც კონფერენციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია სასწავლო სემინარები იურისტებისა და ახალგაზრდა პრაქტიკოსებისთვის. კონფერენცია 10 ოქტომბერს დასრულდება.