საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს პრეზიდენტის ფონდმა უფასო მკურნალობის შესაძლებლობა მისცა

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, ქალაქ ათენში სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი "კავკასია" დაფინანსდა, სადაც საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და ბერძენი ექიმები უფასოდ მოემსახურებიან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთწლიანი პროექტი, საბერძნეთში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, პრეზიდენტის ინიციატივით 14 სექტემბერს დაიწყო. "ეს პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ათენში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც ჩვენს თანამემამულეებზეც აისახა. პრეზიდენტის ფონდი აძლევს საშუალებას ქართველ ემიგრანტებს, საბერძნეთისათვის ყველაზე კრიზისულ პერიოდში არ დარჩნენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე,"- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა უმცირესობების საკითხებში სოფო შამანიდმა, რომელიც პროექტის პრეზენტაციას ათენში ესწრებოდა.