"გაზპრომში" აცხადებენ, რომ ქართულ მხარესთან მორიგი შეხვედრა უახლოეს ხანში გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესა და "გაზპრომის" წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. ამის შესახებ  "გაზპრომში" განაცხადეს. "შეხვედრები რეგულარულად იმართება და ახალი შეხვედრა უახლოს მომავალშია დაგეგმილი", - განაცხადეს კომპანიაში.

კითხვაზე, კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება მსჯელობა, "გაზპრომში" ამბობენ, რომ შედეგები მხოლოდ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. "ჩვენ მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. ამიტომ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას მხოლოდ შედეგების მიღების შემდეგ შევძლებთ", - განმარტეს კომპანიაში. ამასთანავე, "გაზპრომში" განაცხადეს, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გარდა, კალაძესა და "გაზპრომს" შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის მოცულობის გაზრდის შესახებ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძე გუშინ განაცხადა, რომ "გაზპრომის" მენეჯმენტთან საქართველოს გავლით ბუნებრივი არის ტრანზიტის გაზრდის შესაძლებლობებზე, ასევე, კომერციული ოპერატორებისათვის, კონკურენტულ ფასად, რუსეთიდან ბუნებრივი არის შემოტანაზე იმსჯელა. "ბრიუსელში "გაზპრომის" წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრა მქონდა. ასეთი შეეხვედრა პირველი არ ყოფილა, ჩვენ წლების განმავლობაში კარგი, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს, ამ თვალსაზრისით. ეს იყო სამუშაო ტიპის შეხვედრა, რომლზეც საუბარი გაიმართა მილსადენით ქვეყანაში ტრანზიტის გაზრდაზე. ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება იყოს დატვირთული და ტრანზიტი იყოს გაზრდილი. შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ კერძო კომპანიებს მიეცეთ საშუალება, რუსეთიდან ბუნებრივი აირი შემოიტანონ", - განაცხადა კალაძემ. მისივე განმარტებით, "თუ მოვახერხებთ, რუსეთიდან დამატებითი მოცულობების წამოღებას, ეს ძალიან კარგი იქნება".