ზურაბ ტყემალაძე "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში სახიფათოს ვერაფერს ხედავს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში სახიფათოს ვერაფერს ხედავს.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, კარგი იქნება ქვეყანა დამოკიდებული იყოს არა ერთ, არამედ რამდენიმე მომწოდებელზე.  "მე არ ვიცი, "გაზპრომთან" რაიმე მოლაპარაკებები იყო თუ არა. მაგრამ თუ იქნება, ამაში სახიფათოს ვერაფერს ვხედავ. რუსეთიდან გაზი ისედაც შემოდის. ის ტრანზიტით მიდის სომხეთში და გაზის გარკვეული ნაწილი, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, ჩვენთან რჩება. თუ გაზის მოწოდება გაიზრდება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. კარგი იქნება, დამოკიდებული ვიყოთ არა ერთ, არამედ რამდენიმე მომწოდებელზე", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესა და "გაზპრომის" წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. "შეხვედრები რეგულარულად იმართება და ახალი შეხვედრა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი", - განაცხადეს კომპანიაში. კითხვაზე, კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება მსჯელობა, "გაზპრომში" განაცხადეს, რომ შედეგები მხოლოდ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. "ჩვენ მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. ამიტომ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას მხოლოდ შედეგების მიღების შემდეგ შევძლებთ", - აღნიშნეს კომპანიაში.

"გაზპრომში" განაცხადეს, რომ საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გარდა, კალაძესა და "გაზპრომს" შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის მოცულობის გაზრდის შესახებ.  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ "გაზპრომის" მენეჯმენტთან საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის გაზრდის შესაძლებლობებზე, ასევე, კომერციული ოპერატორებისათვის, კონკურენტულ ფასად, რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანაზე იმსჯელა.