"ვითიბი ბანკი" მომხმარებელს მაღალტექნოლოგიური გადახდების სისტემას სთავაზობს

"ვითიბი ბანკი" კომპანია "VISA International"-თან ერთად, მომხმარებელს გადახდის ახალ მაღალტექნოლოგიურ აპლიკაციას - Mobile Pay-ს სთავაზობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, Mobile Pay პირველი უკონტაქტო გადახდების აპლიკაციაა საქართველოში. როგორც "ვითიბი ბანკში" აცხადებენ, დღეიდან სასურველი ნივთის ან მომსახურების შესაძენად საფულე, საბანკო ბარათი ან სტიკერი საჭირო აღარ არის. Mobile Pay-ს მეშვეობით მარტივად, მობილური ტელეფონის ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალთან მიახლოებით შესაძლებელია სასურველი ნივთის შეძენა. Mobile Pay წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, აწარმოოს უკონტაქტო გადახდები "ვითიბი ბანკის" ნებისმიერი ბარათით. აპლიკაციაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის ბარათების ატვირთვა, ხოლო ანგარიშსწორების მომენტში მომხმარებელი თავად ირჩევს, თუ რომელი ბარათით სურს გადახდა. ამასთან ერთად, "ვითიბი ბანკის" კლიენტებისთვის აპლიკაციით სარგებლობა და გადახდები უფასოა.

როგორც ბანკში აცხადებენ, Mobile Pay-ით გადახდა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც VISA paywave (უკონტაქტო) გადახდების ტერმინალებია განთავსებული. აპლიკაცია აღჭურვილია უსაფრთხოების მაღალი დონით, რაც თაღლითურ ოპერაციებს გამორიცხავს. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია ინტერნეტ კავშირის გარეშეც. Mobile Pay უკვე ხელმისაწვდომია Google Play Store-ში. გადახდის სისტემით სარგებლობა შესაძლებელია, ანდროიდის 4.4 ან უფრო ახალი ოპერაციული სისტემის და NFC მხარდაჭერის მქონე სმარტფონით. აპლიკაცია, პლატფორმა და გადაწყვეტა შემუშავებულია კომპანია "PriNum"-ის მიერ, მომწოდებელია კომპანია "UkrPay".

"მოხარულები ვართ, რომ "ვითიბი ბანკმა" საქართველოში პირველმა დანერგა მობილური გადახდების აღნიშნული სისტემა. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პროექტში მონაწილე ყველა პარტნიორს და კომპანიებს - VISA, UFC, tieto, UkrPay, PriNum. მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი, მნიშვნელოვანი და წარმატებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, პირველად საქართველოში დანერგილიყო NFC სისტემა. Mobile Pay არის მაღალტექნოლოგიური უნაღდო ანგარიშსწორების აპლიკაცია, რომელიც საბანკო სერვისების და თანამედროვე მობილური ტექნოლოგიების სინთეზს წარმოადგენს. NFC სისტემაზე დაფუძნებული გადახდები მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დანერგილი. საქართველოში ის მხოლოდ "ვითიბი ბანკის" მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. Mobile Pay-ის გამოყენებით ნებისმიერი გადახდა გაცილებით კომფორტული და მარტივი ხდება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა "ვითიბი ბანკის" საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ.

თავის მხრივ, "ვიზას" კავკასიის რეგიონული მენეჯერის ირინა ქამხაძის თქმით, საქართველო წარმოადგენს ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის რეგიონის ერთ-ერთ ლიდერს უკონტაქტო გადახდების ათვისებაში.  "Visa paywave გადახდის სისტემის მოხერხებულობა და სისწრაფე იქცა მომხმარებლისთვის ბუნებრივ არჩევანად, რადგან მან ერთნაირად გააუმჯობესა გადახდების გამოცდილება, როგორც ვიზას ბარათის მფლობელებისთვის, ისე საცალო მოვაჭრეებისთვის. მობილური ტელეფონი იქცა ცხოვრების განუყოფელ თანამგზავრად, ხოლო ვიზას გადახდები ახალ შესაძლებლობებს უქმნის ბანკებს, დანერგონ ინოვაციები, მობილური მოწყობილობებისა და საგადახდო ინსტრუმენტების შერწყმით, რაც ნაღდი ფულის ჩანაცვლებით, ხელს შეუწყობს ელექტრონული გადახდების გაზრდასა და ამგვარად, გზას გაუხსნის მობილური კომერციის კიდევ უფრო სწრაფ ათვისებას, ვიზას ბარათის მფლობელების უფრო მოსახერხებელი და ჩართული ვაჭრობის გამოცდილებისთვის", - განაცხადა ქამხაძემ.