ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ლიმაში (პერუს რესპუბლიკა) იმართება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პირველი შეხვედრა არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილესთან ჰეშამ ი. ალ-ვაქაიანთან გამართა.  უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მომავალი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე, მათ შორის, საავტომობილო გზის ხულო-გოდერძი-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტსა და მასში ქუვეითის ფონდის შესაძლო მონაწილეობაზე, აგრეთვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები პროექტების განხორციელებისათვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი პერუს რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.