ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის მშენებლობას "ქართუ" დააფინანსებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობის ფინანსური მხარდაჭერისთვის, წინამორბედსა და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.

როგორც პრემიერმა შესაბამის პროექტთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "დღეს არის ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის მორიგი სხდომა. პირველ რიგში, მინდა, გამოვყო ბიძინა ივანიშვილის როლი ამ საქმეში, როგორც ინიციატორის, ასევე, გია დვალის როლი არის მნიშვნელოვანი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმის წამოწყება საქართველოში იყო ბატონი ბიძინას ინიციატივა. პროექტს მთლიანად დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი "ქართუ". ასე რომ, მადლიერებით მინდა აღვნიშნო მისი წვლილი. ამ ორი პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს ნახევარ მილიარდ დოლარს და მჯერა, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ადრონული თერაპიის პროექტის კომისიის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში იმართება. სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.