ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზამთრის სეზონის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზაფხულის სეზონის შემაჯამებელი ანგარიშის, ზამთრის ახალი ვიდეო რგოლისა და ზამთრის სეზონის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანების ეთერით საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლის, სახელწოდებით "Winter in Georgia" ჩვენება დაიწყო.  კლიპის პრეზენტაცია სასტუმრო "Radisson Blu Ivedia"-ში გაიმართა, სადაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ზაფხულის სეზონის შემაჯამებელი ანგარიშს წარადგინა და ზამთრის სეზონის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაც მოაწყო. ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, საქართველოს შესახებ ინგლისურ და რუსულ ენებზე რეკლამა "Euronews"-ზე 1 ოქტომბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით გადაიცემა, CNN-ზე კი - 5-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, 30 წამიანი საიმიჯო რგოლი CNN-ისა და Euronews-ის მრავალმილიონიან მაყურებლებს საქართველოს ზამთრის ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. ვიდეორგოლი კომპანია "კორ პროდაქშენ"-მა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მოამზადა.  Euronews-ს 392 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს, მაუწყებლობს 14 ენაზე 155 ქვეყანაში. CNN მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. აშშ-ში 100 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კი დაახლოებით, 300 მილიონი.

პრეზენტაციაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 9 თვის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა. 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4,491,039 შეადგინა, ზრდა კი 6.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,801,018 შეადგინა, რაც 1.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 7 თვის განმავლობაში 34 ქვეყნიდან ჩამოიყვანა 420 საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი; ჩატარდა 9 მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ბაზრებზე; ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლები გადაიცა CNN-სა და Euronews-ით. ადმინისტრაცია მონაწილეობს 26 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში; მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანია სოციალურ ქსელ Facebook-ზე. გარდა ამისა, 2015 წლის ზაფხულის მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიებისთვის, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი დაიხარჯა, სავარაუდო შემოსავალმა, რომელიც განპირობებული იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან ტურისტების რაოდენობის ნამატით (მხოლოდ აპრილი - ივლისი პერიოდში), 96 634 009 ლარი შეადგინა.