უძრავი ქონება - კაპიტალდაბანდების სარფიანი, თუ სარისკო საშუალება?

უძრავი ქონება საქართველოში კაპიტალდაბანდების ერთ-ერთ სარფიან საშუალებად განიხილება. არის თუ არა რეალურად ასე და რამდენად მომგებიანია, რომ დანაზოგის ნაწილით ადამიანმა ანაბარზე განთავსების ნაცვლად უძრავი ქონება შეიძინოს - ამ თემებზე m²-ის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ "პალიტრა-TV"-ის გადაცემა "ბიზნეს PRESS-ში" ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ის ინვესტიციები, რაც საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა სექტორში, მიუთითებს იმაზე, რომ უძრავი ქონება ყველაზე პოპულარული სექტორია ინვესტიციებისთვის. მაგრამ, როგორც ყველა სხვა სექტორში, აქაც ძალიან ბევრი რისკია და როდესაც ახდენ ინვესტირებას, ეს რისკები კარგად უნდა აწონ-დაწონო. კორპორატიული მართვის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკა უნდა გქონდეს კომპანიაში, რომ არ იზარალო.

რა თქმა უნდა, დეპოზიტზე თანხის განთავსება გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე თანხის უძრავ ქონებაში ინვესტირება, შესაბამისად უძრავ ქონებაში ინვესტირებულ თანხაზე ამონაგები ასევე გაცილებით მაღალია, ვიდრე დეპოზიტზე განთავსებულ თანხებზე. კონკრეტულად m2-ის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, როდესაც კომპანიამ იპოდრომზე ბინების გაყიდვა დაიწყო, ფასი იყო გაცილებით დაბალი, მაშინ როდესაც უკვე დასრულებულ ბინებს კვადრატულს რამდენიმე ასეული დოლარით ძვირად ვყიდდით. წარმოიდგინეთ, ორ წელიწადში რამხელა სხვაობა განიცადა ფასმა. ამხელა სხვაობას ადამიანი დეპოზიტზე თანხის განთავსებით, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებდა," - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.