ყველის ფესტივალი გაიხსნა

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის ორგანიზებით, რიყის პარკში ყველის ფესტივალი იმართება.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა ანა მიქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფესტივალზე ძალიან ბევრი სახეობის ყველი არის წარმოდგენილი. "ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს, დააგემოვნოს და მისთვის სასურველი ყველი შეიძინოს. დღევანდელ ღონისძიებაზე დაგეგმილია რამდენიმე პერფორმანსი. მათ შორის ყველის ადგილზე დამზადება. აქვე შებოლავენ ყველს. მომზადდება ღომი", - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა.

ყველის ფესტივალი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნეს. როგორც ოთარ დანელიამ განმარტა, ყველის ფესტივალის მიზანია ქართული ყველის პოპულარიზაცია.  "ჩვენ ყველის მომზადების უძველესი ტრადიცია გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ბევრი აღმოჩენა, არის ძველი ტრადიციები, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. ფესტივალზე ჩამოსულები არიან ადამიანები პრაქტიკულად ყველა რეგიონებიდან. აქვე იგეგმება კონკურსი, გამოვლინდება გამარჯვებული და მას დავაჯილდოვებთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ. მისივე განმარტებით, ფესტივალზე ჩამოსულები არიან სტუმრები სომხეთიდან, რომლებსაც თავიანთი ყველი აქვთ წარმოდგენილი.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით კი, დღეს მნიშვნელოვანი ფესტივალი ტარდება დედაქალაქში.  "მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ქართული ყველის პოპულარიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ წლიდან წლამდე ყველის სახეობების რიცხვი მატულობს და დედაქალაქის მერია მსგავს ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად იქნება ჩართული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფესტივალის "კავკასიური ყველი 2015"-ის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, ეკონომიკის სამინისტრო, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი". ფესტივალი დღეს და ხვალ გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილია 60-მდე სახეობის ყველი.