აშშ-ის მთავრობამ  „პიარისთვის“ 4,4 მილიარდი დახარჯა

ობამას ადმინისტრაციამ 2009-2013 წლებში მთავრობის „პიარისთვის“ 4,4 მილიარდი დოლარი დახარჯა, მხოლოდ 2013 წელს კი - 892,5 მილიონი დოლარი. ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი“ იტყობინება. გავრცელებული ცნობით, აღნიშნული თანხა მხოლოდ გარე რეკლამებისთვის დაიხარჯა. სხვა სარეკლამო ღონისძიებებისთვის გაწეული ფინანსები კი გაცილებით მეტი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელს ყველაზე მეტი თავდაცვის სამინისტრომ დახარჯა (419 მილიონი დოლარი), მას მოჰყვება ჯანდაცვის დეპარტამენტი (197,4 მილიონი დოლარით) და განათლების დეპარტამენტი (128,8 მილიონი დოლარით). ამასთან, ობამას ადმინისტრაციამ საკმაოდ სოლიდური თანხა - 61,8 მილიონი დოლარი გაიღო ვეტერანთა დეპარტამენტისთვისაც.

სენატის საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი მაიკ ენზი აცხადებს, რომ „პიარისთვის“ ამ რაოდენობის თანხების ხარჯვა არასასურველია.  „უსარგებლო ხარჯები მედიასთან ურთიერთობისთვის არის ის ხარჯი, რისი შესაძლებლობაც ქვეყანას არ აქვს. მაშინ როდესაც ობამას ადმინისტრაცია კონგრესს ფედერალური ვალის ლიმიტის გაზრდის თხოვნით მიმართავს, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელმა რგოლმა არასასურველი და უსარგებლო ქმედებები თავიდან აიცილოს“, - აღნიშნა მაიკ ენზიმ. მისივე თქმით, მიუხედავად არაერთი კანონისა, აშშ-ის მთავრობა პროპაგანდისთვის უამრავ თანხას დღემდე ხარჯავს.