"თბილსერვის ჯგუფმა" საბურთალოს ტერიტორიაზე უკანონო სამშენებლო, ინერტული ნაგავსაყრელის დასუფთავება დაიწყო

შპს "თბილსერვის ჯგუფმა" დიდი დიღმის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე აღმოჩენილი უკანონო სამშენებლო, ინერტული ნაგავსაყრელის დასუფთავება დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურმა გეგმური ინსპექტირებისას აღმოაჩინა და სამართალდამრღვევი პირები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით "ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად დააჯარიმა.  მათივე განმარტებით, ნარჩენების რაოდენობიდან გამომდინარე ტერიტორიის დასუფთავება ეტაპობრივად განხორციელდება. ადგილზე "თბილსერვის ჯგუფის" დიდუბის რაიონული განყოფილების რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა და სპეცთანამშრომლები მუშაობენ.

"შპს "თბილსერვის ჯგუფი" სამართალდამრღვევ პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება", - აცხადებენ მერიაში.