პროექტი "მომავლის ქალაქი" იწყება

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლობალური პროექტი "მომავლის ქალაქი" იწყება. დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის "ფრაუნჰოფერის" და "სითი ინსტიტუტ საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდა.

მერიის ინფორმაციით, პროექტი "მომავლის ქალაქი", რომლის ფარგლებშიც ურბანული პროცესები და მართვა, ენერგიის განახლებადი წყაროები, CO2-ის შემცირების, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება, ენერგოეფექტური ქალაქის შექმნაზეა ორიენტირებული.  როგორც მერიაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე "ფრაუნჰოფერის" წარმომადგენლები ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს და წარმომადგენლებს შეხვდნენ. დღეს გამართულ პრეზენტაციაზე კი თბილისის მერს დავით ნარმანიას ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის რვა პროექტი წარუდგინეს. მათ შორის ველოტრასების მოწყობის, ჰაერის ხარისხის ვიზუალიზაციის, მოსახლეობაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების და სამშენებლო დარგში დაგროვილი ინფორმაციის გავრცელების, რეგიონული ცენტრის შექმნის შესახებ.

"დედაქალაქის მერია, თავის მხრივ, წარმოდგენილი იდეებიდან, თბილისის ეფექტურად განვითარებისთვის რამდენიმე პროექტს შეარჩევს, რის შემდეგაც, "მომავლის ქალაქის" გერმანელი პარტნიორები დედაქალაქის მერიის შესაბამის თანამშრომლებს საკუთარ ხედვებს გააცნობენ", - განაცხადეს მერიაში.