გორის ყოფილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გარემოვაჭრეებისგან გაათავისუფლეს

გორის ყოფილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გარემოვაჭრეებისგან გაათავისუფლეს. ამ დროისათვის მეპატრონე კომპანიის წარმომადგენლები ტერიტორიას აწესრიგებენ. ყოფილი ბაზარი რამდენიმე წლის წინ გაიყიდა, თუმცა მას შემდეგ დავის საგანს წარმოადგენს. ჯერ ბაზრის ყოფილი მეპატრონე ჯემალ წიკლაური დაობდა ყოფილი სავაჭრო ცენტრის გასხვისებაზე და ობიექტის დაბრუნებას ითხოვდა. ჯემალ წიკლაური აცხადებდა, რომ მას საკანში იძულების წესით მოაწერინეს ხელი გორის ყოფილი აგრარული ბაზრის სახელმწიფოსთვის გადაცემაზე, შემდგომ კი, 2006 წელს გაასხვისეს. აღნიშნული საქმე საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში განსახილველადაც გადაიგზავნა და სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

ბაზრის ამჟამინდელი მეპატრონე ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, რის განთავსებას აპირებს ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე. ინვესტორმა ყოფილი აგრარული ბაზრის ნაცვლად ახალი სავაჭრო ცენტრი ქალაქის სხვა ტერიტორიაზე ააშენა, თუმცა მოვაჭრეთა დიდმა ნაწილმა ახალ ბაზარში გადასვლაზე უარი განაცხადა და ისინი ამ დრომდე აგრძელებდნენ ვაჭრობას ყოფილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვაჭრობის აკრძალვას რამდენიმე დაპირისპირებაც მოყვა სამართალდამცავებსა და მოვაჭრეებს შორის, თუმცა სასამართლოს (მოსარჩელე მხარე იყო ინვესტორი კომპანია) გადაწყვეტილების საფუძველზე თვითნებური ვაჭრობა მაინც აიკრძალა.

მოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას და ვაჭრობის ნებართვას რამდენიმე თვით ითხოვდნენ. მოვაჭრეების თქმით, ყველა მათგანს ბანკიდან ვალი აქვს აღებული და ვაჭრობის აკრძალვა უკიდურესად მძიმედ აისახება მათ სოციალურ მდგომარეობაზე, თუმცა ქალაქის მერი ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და თვითმმართველობას არანაირი ჩარევის უფლება არ აქვს.

მოვაჭრეების თქმით, ისინი ახალ ბაზარში გადასვლას არ გეგმავენ.