ფოკის სამეურნეო "სასწაული"

მონასტერი ამზადებს და ყიდის 16 სახეობის­ ყველს, მრავალგვარ საკონდიტრო ნაწარმსა და სხვა პროდუქციას

რამდენიმე დღის წინ ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს ვსტუმრობდი. მონასტრის ეზო უდაბნოში ოაზისს ჰგავს, აქ კარიც და გულიც ღია აქვთ პილიგრიმებისა და ტურისტებისთვის. მონასტრის ეზოში უამრავი ყვავილი ხარობს. მონასტრის დარაჯი ნაგაზიც კი ისეთი მშვიდობიანია...  დედები და მორჩილები მუდმივად ლოცულობენ ან ბაღ-ბოსტანში ფუსფუსებენ. მეურნეობა ისეთი აქვთ, მათი რჩევებიც კი საუკეთესო მასტერკლასი იქნება სოფლის მეურნეობის აღორძინებისა და ეკონომიკის განვითარების, ანუ ბიზნესის წარმოების მსურველთათვის.

შრომაში გართულებს თავს რომ წაადგები, ისე შემოგხედავენ, თითქოს მთელი სიცოცხლე გელოდნენ და ღიმილით გკითხავენ, - ტაძარი ღია არ დაგხვდათ, თუ მაღაზიაში მოხვედითო. აქ პირველად 2003 წელს გახლდით, მაშინ ამ XII საუკუნის ბაზილიკის მხოლოდ ჩამონგრეული კედლები იყო. ახლა აღდგენილია. საქართველოში შემოსულ წმინდა ნინოს გზის ამ მონაკვეთში უძველესი ქართველები - ჯავახები დახვდნენ, დღეს ძირითადად, თურქეთიდან გადმოსახლებული სომხობა ცხოვრობს, წინაპართა საქმეს კი მონასტრელი დედები აცოცხლებენ.

ფოკაში ქართული სულის განახლება ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს დაწყებულა, როცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ჯავახეთში მოგზაურობისას, ამ ეკლესიის ნანგრევების წინ შეიძინა სახლი და 1989 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც საქართველოს ფოკელი მოქალაქე. შემდეგ მონასტერი აშენდა.  1992 წელს ფოკაში დედები მოვიდნენ და ხანგრძლივი ღვაწლის შედეგად სოფელს, სადაც თავიდან მტრულად დახვდნენ, თავი შეაყვარეს. აგრძნობ­ინეს, რომ ეს მიწა ყველას იტევდა - ქართველსა და სომეხს, სასულიერო და საერო პირებს, შეეძლოთ კეთილმეზობლურად ეცხოვრათ და მხარში დასდგომოდნენ ერთმანეთს.

2003 წელს, ფოკაში სტუმრობისას, უკვე შთამბეჭდავი იყო დედების გარჯის ნაყოფი, მათ საკუთარი მეურნეობა ჰქონდათ და ჯავახეთის მძიმე კლიმატის პირობებში დაუღალავი შრომით შესანიშნავ შედეგს აღწევდნენ... მონასტერმა საკუთარი ეკონომიკური სისტემა შექმნა, შემოსავალს მონასტრის განვითარება-გაფართოებასა და უამრავ კეთილ­ საქმეს ახმარენ. სამეურნეო ცხოვრებ­აში გარდატეხა 2010 წელს მოხდა, როცა მრავალწლიანი შრომის, ექსპერიმენტის, ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილი­ ტრადიციების, ლიტერატურის, ფრანგული ტექნოლოგიის გაცნობის შედეგად მიიღეს ევროპული ყაიდის ქართული ყველი, რომლის ანალოგი საქ­ა­რთველოში არ მოიპოვება. მონასტერი ამზადებს და ყიდის 16 სახეობის­ ყველს, მრავალგვარ საკონდიტრო ნაწარმსა­ და სხვა პრ­ო­­დუქციას. ჯავახეთში ისტორიულად მისდევდნენ მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას. შავმ­იწა ნიადაგი და ალპური ბალახი საუკეთესო პირობებს ქმნის შესაბამისი დარგების განსავითარებლად.

რეგიონში XVII საუკუნიდან გამოჩნდნენ კათოლიკე მისიონერები, რომელთაც ქადაგებასთან ერთად ევროპული ყველის დამზადების ტრადიცია შემოიტანეს. აღმოჩნდა,­ რომ ჯავახეთში წარმოებული ყველი არაფ­რით ჩამოუვარდება საუკეთესო ფრანგულ ყველს...

ფოკის მონასტერშიც დაარსების დღიდან დაიწყეს მუშაობა­ ადგილ­ობრივი, ევროპული ტიპის ყველის შესაქმნელად. რძის ხარისხის, კლიმატური პირობების და სხვა მრავალი პარამეტრის მრავალწლიანი გამოცდის შედეგად, აქ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ყველის საგემოვნო თვისებები, ტექსტურა და იერი ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნას პასუხობს.  ასე გაჩნდა "მონასტრული ცისფერი", "ბრევი", "კანეო", "თეთრი აბული"... მათი წარმოება ძვირი ჯდება, თუმცა, მსგავს ევროპულ პროდუქციასთან შედარებით, ფასი ნაკლებია.

დაუვიწყარია აქაური, სხვადასხვა სახის ტკბილეულის - ტრიუფელის, შავი და თეთრი შოკოლადის მრავალფეროვანი ასორტიმენტისა და ალპური, სამკურნალო ბალ­ახებით შეზავებული ჩაის გემო. ძნელი  დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ერთი შეხედვით მივარდნილ კუთხეში, პატარა სოფელში მზადდება, სადაც არავინ ითხოვს სუბსიდიებს დიდი საქმეებისთვის.  მონასტრის დედების წარმატების საიდუმლო მარტივია - შრომობენ დაუზარლად და ცდილობენ, უძველესი ქართული და უცხოური ტრადიციების ნაზავით შექმნან რამე განსაკუთრებული.  მონასტრის ტერიტორიაზე არის მაღაზია, სადაც შესაძლებელია ყველის დეგუსტაცია და ყიდვა. თვალში საცემია დაფასოების, შეფუთვის ტექნოლოგია - პროდუქცია არა მხოლოდ ხარისხით, გარეგნულადაც გამორჩეული უნდა იყოს.

ფოკის დედათა მონასტრის ტრადიციები

მონასტერს აქვს მინანქრის სტუდია, რითაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საქართველოში მინანქრის წარმოება-აღორძინების საქმეში. წლების განმავლობაში სტუდიაში შეიქმნა ღირსშესანიშნავი საეკლესიო ნაკეთობები, საერო საიუველირო ნაწარმი. უკვე წლებია, მონასტრის ფოტოსახელოსნო გამოსცემს ფოტოალბომებს საქართველოს სხვადასხვა მხარის შესახებ და საფუძველს უყრის ალბომების თანამედროვე ბიბლიოთეკას, და ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია მონასტრის სრულ საქმიანობასთან შედარებით. თითოეულ მიმართულებას თავისი ისტორია აქვს და სამაგალითოა იმ ქვეყნისთვის, რომელმაც წლების განმავლობაში ვერ შეძლო სოფლის მეურნეობის უძველესი ტრადიციების გაცოცხლება და ეკონომიკასაც ვერ დაატყო აღმშენებლობის კვალი.

ფოკელი დედები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთთან დგანან, როგორც უბადლო მესაზღვრეები, ვისთვისაც ქართული კულტურისა და ტრადიციების გადარჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეა და სტუმრებს მონასტრის ტერიტორიაზე შექმნილ კულტურას ისე ახვედრებენ, როგორც საქართველოს სავიზიტო ბარათს.

ეკა ლომიძე

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"