ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მოქმედება, უახლოეს დღეებში, შეიძლება დროებით შეჩერდეს

ეროვნული ბანკის შესახებ ახალი კანონის მოქმედება შესაძლოა, უახლოეს დღეებში დროებით შეჩერდეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამის მიზეზია "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ერთობლივად ინიცირებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ამ კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას პარლამენტის წევრთა მეხუთედზე მეტმა - 37-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი, "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დასაშვებად ცნობს, ეს ნიშნავს, რომ სადავო კანონის მოქმედება დროებით, განაჩენის გამოტანამდე უნდა შეჩერდეს.

არადა ეროვნული ბანკისაგან დამოუკიდებელი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო უკვე ჩამოყალიბებულია და მუშაობასაც შეუდგა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღება ნიშნავს, რომ ამ სააგენტოს მუშაობაც უნდა შეჩერდეს და საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს უნდა დაუბრუნდეს.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, შალვა შავგულიძის ცნობით, ეს წესით 8 ოქტომბერს უნდა მომხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ 8 ოქტომბერს გაიმართა სხდომა, რომელზეც ამ სარჩელის დაშვება-არდაშვება უნდა გადაეწყვიტათ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ამ სხდომაზე არ იქნა მიღებული. შავგულიძის ვარაუდით, სასამართლოს მომავალი სხდომა, რომელიც, მისი აზრით, სარჩელს დასაშვებად ცნობს, მაქსიმუმ ერთ კვირაში გაიმართება.

- "თავისუფალი დემოკრატები" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ეროვნული ბანკის ახალი კანონის გასაჩივრებას აპირებდით. რა ხდება ახლა და მოხდა თუ არა სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანა?

- საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია და 8 ოქტომბერს ჩატარდა გამწესრიგებელი სხდომა, სადაც 2 საკითხი წყდება. პირველი - ეს არის მიიღებს თუ არა სასამარლთო წარმოებაში სარჩელს, ხოლო თუ მისი მიღება მოხდა, მაშინ შეჩერდეს ახლად მიღებული კანონის მოქმედება. ანუ, ფაქტობრივად საქმიანობას ვერ უნდა შეუდგეს ამ ახალი კანონის მიხედვით სპეციალურად შექმნილი დამოუკიდებელი სააგენტო. ხოლო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია კვლავ ეროვნულმა ბანკმა უნდა განაგრძოს. რადგანაც ეროვნული ბანკი ყველა დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით ართმევდა, რასაც ეთანხმება, როგორც მსოფლიო ბანკი, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდი თუ ა. შ.

ამ კანონის შეჩერებას იმიტომ ვითხოვთ, რომ მისი ამოქმედების შედეგად შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები დადგეს. თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდება, მაშინ ეს ახლად შექმნილი დამოუკიდებელი სააგენტო ფუნქციონირებას დაიწყებს, ამას მოჰყვება წარმოუდგენელი ფინანსური კატასტროფა. სანამ სასამართლო ამ კანონს უკანონოდ ცნობს, მანამდე ყველა ეს აქტივობა, რომელსაც საფინანსო სექტორის სუბიექტების მიმართ სააგენტო განახორციელებს და იქიდან გამომდინარე თავად ეს სუბიექტები განახორციელებენ, უკანონოდ ჩაითვლება. ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნება ამ კანონის ამოქმედება შეჩერდეს და გარდამავალი დებულებების თანახმად, ეროვნული ბანკი საზედამხედველო ფუნქციას გააგრძელებს. ხოლო თუ საბოლოოდ სარჩელი დაკმაყოფილდება, ეს ფუნქცია ეროვნულ ბანკს კვლავ დარჩება, ხოლო თუ არ დაკმაყოფილდება, ყოველ შემთხვევაში კანონიერად გადავა და რისკის ქვეშ აღარ იქნება ამ სააგენტოს საქმიანობა.

- რატომ არის აუცილებელი, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს ჰქონდეს?

- ყველგან, მთელ მსოფლიოში, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ცენტრალურ ბანკებს დაუბრუნდა, რადგანაც ეს ფუნქცია ითვალისწინებს ისეთი მექანიზმების განხორციელებას, რომლის მის გარეთ განხორციელება სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ვინაიდან ისეთი კოორდინაცია აღარ ხდება ცენტრალური ბანკის მონეტარულ პოლიტიკასა და იმ ცალკე განხორციელებულ საფინანსო სექტორის საზედამხედველო პოლიტიკას შორის, ეს უკვე ფინანსურად იძლევა ძალიან უარყოფით შედეგებს. 2000 წელს ევროპულ ქვეყნებში საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გარეთ გამოტანის მცდელობა იყო, თუმცა 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა აჩვენა, რომ ეს გაუმართლებელი იყო და ისევ უკან დაუბრუნეს.

ელზა პაპაშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"