SOCAR Energy Georgia:  თუ საქართველო რუსული გაზის მოცულობის გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ახალ პირობებს შევეწყობით

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია "სოკარი" მზად არის, ქართულ ბაზარზე რუსულ "გაზპრომს" კონკურენცია გაუწიოს. ამის შესახებ კომპანია SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდს" განუცხადა. მისი თქმით, რუსული გაზის საქართველოსთვის მიწოდება კონკურენციის დონეს გაზრდის.

"ეს თავისუფალი ბაზარია. სხვა კომპანიების არსებობა ბაზარზე კონკურენციის დონეს, შესაბამისად, მომსახურების ხარისხს ზრდის. თუ საქართველო რუსული გაზის მოცულობის გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ახალ პირობებს შევეწყობით და განვითარებას გავაგრძელებთ. ზოგადად, კონკურენციისთვის მზად ვართ", - განაცხადა მამედოვმა. მისი თქმით, "გაზპრომის" ქართულ ბაზარზე გაძლიერება "სოკარის" საქმიანობაზე დიდ გავლენას არ მოახდინეს.

"საქართველოს ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტი აქამდეც ხორციელდებოდა და ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება გაზის მიწოდებას საქართველოსთვის, სოციალური მომხმარებლისთვის გაზის მისაწოდებლად კონტრაქტი გარკვეული ვადით გვაქვს გაფორმებული. კომერციული მომხმარებლისთვის კი, მოკლევადიანი - სამ და ექვსთვიანი შეთანხმებების სისტემას ვიყენებთ", - განაცხადა მამედოვმა.