კახა კალაძესთვის უცნობია, ისაუბრეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ბუნებრივი აირის საკითხზე

კომერციული ბაზარი არის დერეგულირებული და ნებისმიერ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მისთვის ხელსაყრელ ფასად შემოიტანოს ბუნებრივი აირი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.

კითხვაზე, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები "გაზპრომთან" და როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა, კალაძემ აღნიშნა, რომ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რასთან დაკავშირებითაც მან უკვე ისაუბრა.  "თუ როდის იქნება მომავალი შეხვედრა, როცა გვეცოდინება ამასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ", - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება კონკურენციის შესახებ დასმულ შეკითხვას, მინისტრი ფიქრობს, რომ კონკურენციაზე ცოტა უხერხულია საუბარი, რადგან აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. "აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ გაზზე. თქვენ იცით, რომ კომერციული ბაზარი არის დერეგულირებული და ნებისმიერ კომპანიას აქვს შესაძლებლობა წავიდეს აზერბაიჯანში, რუსეთში, ირანში, თურქეთში, სომხეთში და მისთვის ხელსაყრელ ფასად შემოიტანოს ბუნებრივი აირი. ამის შეზღუდვა არ არის, არ ყოფილა და არ იქნება", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, შეუქმნის თუ არა "გაზპრომის" გაზი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხეს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს კითხვა არაადეკვატურია.  "მე ვფიქრობ, რომ კითხვა არაადეკვატურია. მე მგონი ავხსენით, რომ კომერციულ მიმართულებაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ბაზარი არის დერეგულირებული. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, რომ წავიდეს და შემოიტანოს ბუნებრივი აირი მისთვის ხელსაყრელ ფასად და არა 315 დოლარად", - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება "გაზპრომთან" უკვე გამართულ შეხვედრას, მინისტრის თქმით, საკითხი ეხებოდა ორ მიმართულებას. პირველი იყო, რომ მოცულობები გაზრდილიყო იმ მილსადენში, რომელიც საქართველოს გავლით გადის სომხეთის მიმართულებით. "თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველწლიურად ამ მილსადენიდან ვიღებთ ბუნებრივ აირს. მეორე თემა იყო კომერციული ობიეტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე თანხმობის მიცემა", - განაცხადა კალაძემ.  მისივე თქმით, შეხვედრები ადრეც იმართებოდა, გაიმართა და მომავალშიც გაიმართება. რაც შეეხება "სოკარის" მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის მზად არის კონკურენციისთვის და უკეთესი პირობების შეთავაზებისთვის, მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ეს ასეა, ეს უკვე წარმატებაა და ძალიან კარგია.

კითხვაზე, იყო თუ არა მოთხოვნა ქართული კომპანიების მხრიდან, რომ "გაზპრომთან" დაეწყო მოლაპარაკებები და რამ განაპირობა საერთოდ "გაზპრომთან" მოლაპარაკებების დაწყება, კალაძემ აღნიშნა, რომ ამის მიზანია ის, რომ კომპანიებს ხელი შეუწყონ, რომ მათ შეძლონ ალტერნატიული წყაროებიდან მიიღონ ბუნებრივი აირი.  "რა თქმა უნდა, მოთხოვნა არის. დღესდღეობით გაზგასამართ სადგურებზე შესასყიდი ფასი არის სხვადასხვა. ეს ფასი იწყება 190 დოლარიდან და მთავრდება 315 დოლარით. მე ვფიქრობ, რომ 315 დოლარი არის ძალიან ძვირი ფასი, რომელიც ევროპაშიც არ არის დღეს", - განაცხადა კალაძემ.  კითხვაზე, რა იქნება "გაზპრომის" ფასი, მან აღნიშნა, რომ არ იცის.  "თუ მისაღები ფასი იქნება, მე ვფიქრობ, კომერციული სტრუქტურები და ობიექტები დაინტერესდებიან. თუ არ იქნება მისაღები ფასი, რა თქმა უნდა, ახლა გიჟი არავინ არ არის და ძვირად არავინ შემოიტანს", - აღნიშნა კალაძემ.  კითხვაზე, იყო თუ არა ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში, როცა პრემიერი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, კალაძემ აღნიშნა, რომ დელეგაციაში არ იყო.  "ეს პრემიერის პირადი შეხვედრა იყო ბატონ პრეზიდენტთან", - აღნიშნა კალაძემ.