ბათუმში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

ბათუმში, საბაგიროს ტერიტორიაზე, სუვენირების ჯიხურების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიიდან მიიღეს გაფრთხილება 15 ოქტომბრიდან გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ.  გარემოვაჭრეები კი, ბათუმის მერიიდან პასუხს იმის შესახებ ელოდებიან, თუ რა ფორმით შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას 15 ოქტომბრის შემდეგ. როგორც აქციის მონაწილემ, როინ შერვაშიძემ აღნიშნა, მერია შეპირდა ჰოლანდიური ჯიხურების ჩამოტანას, თუმცა ჯიხურები არ ჩანს: "მერიასთან გვქონდა მოლაპარაკებები, მათ ჰქონდათ შემოთავაზება, რომ ჰოლანდიიდან უნდა ჩამოეტანათ ჯიხურები და ჩაენაცვლებინათ, მაგრამ არც ჰოლანდიური ჯიხურები ჩანს და არც გადასახადის თაობაზე ვიცით რაიმე. მხოლოდ ერთი რამ გვითხრა მერიამ - აიღეთ ჯიხურები და წაიღეთ. ამ ჯიხურში 8 ათასი ლარის საქონელია, სად უნდა წავიღოთ ეს საქონელი, ზოგს კრედიტი აქვს, ზოგს - სესხი. ბაგრატიონის ქუჩაზე რომ გადავიტანო, იქ ვინ მოვა და იყიდის. ეს საბაგირო რომ გააკეთეს, გვერდით სუვენირები არ უნდა იყოს? თუ აგვეკრძალება საქმიანობა, მერიამ შეისყიდოს ეს სუვენირები", - აღნიშნა როინ შერვაშიძემ.

გარემოვაჭრეებმა აქციით ბათუმის მერიასთან გადაინაცვლეს. ისინი აცხადებენ, რომ ვაჭრობის შეწყვეტას არ აპირებენ: "შეგვპირდნენ, რომ სეზონის ბოლოდან მოგვცემდნენ ხელშეკრულებებს, გვექნებოდა გადასახადი და შევძლებდით მუშაობას, მაგრამ მოვიდა სეზონის ბოლო და დაგვირიგეს გაფრთხილებები, სადაც წერია, რომ უნდა დავტოვოთ ეს ტერიტორია. ჩვენ წამსვლელები არ ვართ, ვიდგებით და ვივაჭრებთ", - აღნიშნა ერთ-ერთმა გარემოვაჭრე ზურაბ ლომთაძემ.

ბათუმის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვა ზაფხულის სეზონზე სცადა, ჯიხურები "ჭაჭის კოშკის" მიმდებარედ განათავსა, თუმცა გარემოვაჭრეების აქციების შემდეგ ჯიხურები სეზონის ბოლომდე ძველ ადგილებს დაუბრუნდა.