ძველ თბილისში საფეხმავლო ტურის მანიშნებლები მონტაჟდება

ძველ თბილისში საფეხმავლო ტურის მანიშნებლების მონტაჟი მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად დაათვალიერა. მათივე ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ახალ ტურისტულ მარშრუტზე მანიშნებლების განთავსება, რომელიც დედაქალაქის სტუმრებს საშუალებას მისცემს, ქალაქის ღირსშესანიშნაობები მაქსიმალურად მოკლე დროში დაათვალიერონ. თბილისის საფეხმავლო ტურის მანიშნებლების მონტაჟი კონკას მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

"მას შემდეგ, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ქალაქის ძირითადი მარშრუტები განისაზღვრა, გადავწყვიტეთ, რომ ტურისტებს უფრო მეტად გავუმარტივოთ დედაქალაქში გადაადგილება. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, თბილისის ლოგოტიპი ძირითად მარშრუტზე მონტაჟდება და თბილისობისთვის დასრულდება. მეორე ეტაპის სამუშაოები კი, ლოგოტიპის ყველა ძირითად ისტორიულ და კულტურულ ობიექტზე განთავსებას ითვალისწინებს. ეს კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ქალაქში გადაადგილებას, საბოლოო ჯამში კი ჩვენ მივაღწევთ უმთავრეს მიზანს, რომ თბილისი რეგიონის ტურისტულ ცენტრად იქცეს",- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

"თბილისში ტურისტებისათვის საფეხმავლო მარშრუტი შეიქმნა, მარკირების პროცესი უკვე დაწყებულია. ეს ყველაფერი დედაქალაქის სტუმრებს თბილისის უმნიშნველოვანესი ობიექტების დათვალიერებას გაუმარტივებს", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

ძველი თბილისის საფეხმავლო ტურის სიგრძე 5800 მეტრია, მანიშნებლებს შორის დაშორება კი, 4-დან 5 მეტრამდე იქნება. ჯამში, ძველ თბილისში 1300 მანიშნებელი დამონტაჟდება.