ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელის მიღებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" სარჩელის მიღებაზე, რომელიც ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას შეეხება, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს, 16:00 საათზე გამოაცხადებს.

საპარლამენტო ოპოზიცია სადავოდ "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს მიიჩნევს. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების მიხედვით, შეიქმნა "საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო", რომელსაც იმ ფუნქციების განხორციელება დაეკისრა, რაც მანამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა. კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სააგენტოს საბჭოს არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს, რაც მოსარჩელეთა აზრით, პრეზიდენტის კომპეტენციას არღვევს და კანონი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოს ფორმირებაში პრეზიდენტის ჩართულობას კონსტიტუცია აუცილებლად მიიჩნევს.

ამასთან, მოსარჩელეები მოითხოვენ, შეჩერდეს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საქმეზე საბოლოო განაჩენს არ გამოიტანს. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" საბანკო ზედამხედველობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 22 სექტემბერს შეიტანეს.