ნოდარ ჯავახიშვილი:  ვერეს ხეობაში მშენებლობები არ მოხდება და იქ რეკრეაციული ზონა გაკეთდება

ვერეს ხეობაში მშენებლობები არ მოხდება და იქ რეკრეაციული ზონა გაკეთდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა. ჯავახიშვილის თქმით, ვერეს ხეობაში რეკრიაციის ზონა გაკეთდება და ხელისუფლების მიერ ეს ასეც არის დაგეგმილი. მან უარყო, თითქოს მთავრობის სხდომაზე ვერეს ხეობაზე მშენებლობების გაგრძელების შესახებ რაიმე გადაწყვეტილება იყო მიღებული.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ ხეობაში რა მშენებლობებიც იყო განხორციელებული, უკანონო იყო. "სახელმწიფოს განსხვავებული მიდგომა უნდა ჰქონოდა მანამდეც და სტიქიის შემდეგაც იქ არაფერი არ უნდა აშენდეს, მით უფრო, სტიქიის შემდეგ იქ არაფერი არ აშენდება. საშიშროება, დამცავ ნაგებობებს როგორ კარგად მოვაწყობთ, ყველა შემთხვევაში რჩება, ამიტომ მდინარის კალაპოტში რომ მშენებლობა არ შეიძლება ერთმნიშვნელოვანია და დარწმუნებული იყავით, ხელისუფლება ამას ასეც მიხედავს", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.