ნოდარ ჯავახიშვილი წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთზე ახალი გზის მშენებლობას საჭიროდ არ მიიჩნევს

ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთზე ახალი გზის მშენებლობას საჭიროდ არ მიიჩნევს. ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილმა დღეს "ექსპო-ჯორჯიაში" განაცხადა.

მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა წყნეთი-ბეთანიისა და წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთების აღდგენასთან დაკავშირებით. ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, უცხოელმა ექსპერტებმა მათ რეკომენდაცია მისცეს, კერძოდ, სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთის აღდგენის შესახებ, ხოლო ორი რეკომენდაცია უშუალოდ წყნეთი-ბეთანიის გზის აღდგენასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებით, უნდა მოხდეს გზის აღნიშნული მონაკვეთის აღდგენა, ან 3.5 კმ. სიგრძის ახალი მონაკვეთის მშენებლობა.

ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, მერიის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, გეოლოგებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მათ განიხილეს ეს ორივე ვარიანტი. აღნიშნულმა პირებმა საჭიროდ მიიჩნიეს, სამინისტრომ სიღრმისეულად შეისწავლოს ორივე ვარიანტი.

ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი საქმეს ძალიან გააჭიანურებს, ამიტომ გეგმავს მთავრობის სხდომაზე დააყენოს ეს საკითხი. "ჩემი ღრმა რწმენით, 3.5 კილომეტრის სიგრძის ახალი გზის მონაკვეთის გაჭრა საჭირო არ არის. ანუ ისევ უნდა დავაზიანოთ ბუნება. გარწმუნებთ, რომ იქ რომ სამანქანო გზა არ ყოფილიყო გაჭრილი, არავითარი სტიქიური უბედურება არ იქნებოდა. რაც მოხდა, ეს არის გარემოს პროვოცირება. მე ვთვლი, რომ უნდა აღდგეს ჩაწყვეტილი გზის აღდგენა, თუ მთავრობა ამაში მხარს დამიჭერს. ისევ უნდა ჩამოვიყვანოთ საერთაშორისო ექსპერტები და გაკეთდეს დიზაინი, თუმცა ერთადერთი პრობლემაა. მერიას გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოწმენდის სამუშაოები ამ დრომდე არ განუხორციელებია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.