ოთარ დანელია მოლდოვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მოლდოვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილეს, ედუარდ გრამას შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრაზე ედუარდ გრამამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგისა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დანერგვა-გამოყენების მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. "აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით საქართველოს პროგრესი აქვს. ვფიქრობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება დავნერგოთ სეტყვის საწინააღმდეგო ისეთი სისტემა, რომელსაც ეფექტიანად იყენებთ. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის აგრარულ დარგში სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის დაწყება და თქვენი გამოცდილების გაზიარება ჩვენი ვიზიტის გეგმის ნაწილია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სტუმარს აგრარული დარგის ხელშეწყობის მიზნით ქვეყანაში განხორციელებული რამდენიმე პროექტი გააცნო. "მოგეხსენებათ, ჩვენთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტია, შესაბამისად, ვახორციელებთ არაერთ ხელშემწყობ პროექტს. გარდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დანერგვისა, ამოქმედდა აგროდაზღვევის პროგრამაც, რამაც რისკები მაქსიმალურად შეამცირა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა სტუმარს საინვესტიციო პოტენციალის მქონე აგრარული პროდუქტების შესახებ მომზადებული დოკუმენტი გადასცა. მოლდოვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს წარმომადგენლები ღვინის ეროვნულ სააგენტოში იმყოფებოდნენ, სადაც ახლად გახსნილი ღვინის ცენტრი დაათვალიერეს, რომელიც ღვინის მარანს, ენოთეკას, სადეგუსტაციო ოთახებსა და ღვინის მუზეუმს აერთიანებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა სამუშაო შეხვედრაც, რომლის ძირითადი თემა ქართულ და მოლდოვურ მხარეებს შორის მეღვინეობის დარგში არსებული გამოცდილების გაზიარება იყო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნობის სფეროში ინვესტირებისა და სუბსიდირების, ასევე მიზნობრივი პროგრამების განხორციელების საკითხებზე. სტუმრებმა განსაკუთრებული ინტერესი საქართველოში 2014 წელს დაწყებული ვენახების კადასტრის პროგრამის და გადამუშავებული ყურძნის აღრიცხვიანობის ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვის მიმართ გამოხატეს.