"აეროპორტების ინფრასტრუქტურის გამართულობა ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას შეუწყობს ხელს"

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, საქართველოს აეროპორტების ინფრასტრუქტურის გამართულობა ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ ქეთევან ალექსიძემ ჟურნალისტებს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციისთვის დაწყებული სამუშაოები მიმდინარეობს. მისი თქმით, "ტავ ჯორჯიასთან" ხელშეკრულება 2005 წელს გაფორმდა და აქედან დღემდე ქართული ავიაბაზარი ძალიან სწრაფად განვითარდა.

"ჩვენ ყოველწლიურად 15%-ზე მეტი ზრდა გვქონდა, რაც ზოგადად საავიაციო ბაზარზე მაღალი მაჩვენებლია. ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს წინაშე 2005 წელს იდგა, აბსოლუტურად შეიცვალა. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა საკითხი იმის შესახებ, რომ მომხდარიყო ხელშეკრულების გადახედვა. უპირველეს ყოვლისა, დაისვა ძალიან მარტივი კითხვა - სად მიდის ჩვენი აეროპორტი 2027 წლამდე, როგორი უნდა იყოს ეს აეროპორტი და როგორ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენ გაზრდილი მგზავრთნაკადის და საჰაერო ხომალდების მოძრაობის უზრუნველყოფა. ამას ემსახურებოდა განვითარების ის გეგმა, რომელიც ჩვენ შევათანხმეთ "ტავ-ჯორჯიასთან". ის ზუსტად აანალიზებს ყველა იმ მოვლენას, რომელიც განვითარდება შემდგომი 12 წლის განმავლობაში და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თბილისის აეროპორტი იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აეროპორტი რეგიონში", -განაცხადა ალექსიძემ.

მისივე თქმით, დღეს იწყება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაცია, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას. "საქართველოს აეროპორტების ინფრასტრუქტურის გამართულობა, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას. დღევანდელი გახსნილი ბაზრის პირობებში, ჩვენ კონკურენციას ვუწევთ არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებს, არამედ ბევრ ისეთ აეროპორტს, რომელიც შეიძლება საკმაოდ შორს იყოს ჩვენგან. როცა ავიაკომპანია აკეთებს არჩევანს, რა თქმა უნდა, მისთვის მნიშვნელოვანია, იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, მოქნილი სერვისები და მაღალი ხარისხის სტანდარტები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით გვექნება შედეგი", - აღნიშნა ქეთევან ალექსიძემ.