ზურაბ ტყემალაძე: "გაზპრომიდან" გაზს თავად აზერბაიჯანიც ყიდულობს

რაც უფრო მეტად იქნება დატვირთული მილი, რომლითაც გაზი რუსეთიდან სომხეთს მიეწოდება, ეს სასარგებლო იქნება სომხეთისთვისაც და ჩვენთვისაც, - აღნიშნული განცხადებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე "გაზპრომთან" დაწყებულ მოლაპარაკებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

ტყემალაძემ ამ კონტექტში კომერციული სტრუქტურების ინტერესებზეც გაამახვილა ყურადღება.  "არაფერი საგანგაშო "გაზპრომთან" დაკავშირებით არ ხდება. მე თუ მკითხავთ, პირიქით, უფრო მეტი მოლაპარაკება უნდა იყოს. ჯერ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მილი, რომლითაც გაზი სომხეთს მიეწოდება და აქედან გამომდინარე მიეწოდება საქართველოსაც, რადგან გაზის გარკვეული ნაწილი რჩება აქ, რაც უფრო მეტად იქნება დატვირთული, უფრო სასარგებლო იქნება სომხეთისთვისაც და ჩვენთვისაც. მეორეც - შესაძლო ვარიანტი, რომ კომერციულმა სტრუქტურებმა პირდაპირი ხელშეკრულება გააფორმონ და ამ მილის საშუალებით გაზი მიიღონ. შესაძლოა არსებობენ კომერციული სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ შეიძინონ ის გაზი, რომელსაც "გაზპრომი" აწვდის", - ამბობს ტყემალაძე.

დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ თავად აზერბაიჯინიც ყიდულობს "გაზპრომიდან" გაზს.