"როსსელხოზნადზორი" "საქართველოდან ყურძნის შემოტანის აკრძალვის შესახებ" განცხადებას ავრცელებს

რუსეთის "როსსელხოზნადზორი" ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას აქვეყნებს სახელწოდებით - "საქართველოდან ყურძნის შემოტანის აკრძალვის შესახებ".

განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყების რეგიონულმა სამმართველომ ყურძნის პარტიის შემოწმებისას დარღვევები გამოავლინა. "როსსელხოზნადზორის ნიჟნი-ნოვგოროდისა და რესპუბლიკა მარი-ელის სამმართველომ, 35 ტონა ყურძნის პარტიის (სავარაუდოდ საქართველოდან) შემოწმებისას გამოავლინა საკანონმდებლო დარღვევები. პლასტიკურ ყუთებზე მარკირება დატანილი არ იყო, ზოგიერთი ყუთის ეტიკეტზე კი, პროდუქციის მწარმოებელი სხვადასხვა ქვეყნები და ექსპორტიორები იყვნენ მითითებულნი. ფიტოსანიტარული სერტიფიკატი კი ცარიელ ველებს შეიცავდა. დოკუმენტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და პროდუქციის შემოწმების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ყურძნის აღნიშნული პარტიის გატარების აკრძალვაზე", - ნათქვამია "როსსელხოზნადზორის" განცხადებაში.