საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.

როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის ახლად შექმნილი სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.  საპარლამენტო ოპოზიცია სადავოდ "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს მიიჩნევდა. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების მიხედვით, შეიქმნა "საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო", რომელსაც იმ ფუნქციების განხორციელება დაეკისრა, რაც მანამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.  კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სააგენტოს საბჭოს არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს, რაც მოსარჩელეთა აზრით, პრეზიდენტის კომპეტენციას არღვევს და კანონი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოს ფორმირებაში პრეზიდენტის ჩართულობას კონსტიტუცია აუცილებლად მიიჩნევს.

ამასთან, მოსარჩელეები მოითხოვდნენ, შეჩერებულიყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საქმეზე საბოლოო განაჩენს არ გამოიტანდა.  "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" საბანკო ზედამხედველობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 22 სექტემბერს შეიტანეს.