საქართველოში 3 859 ბიზნესია რეგისტრირებული

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის სექტემბრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 859 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.9% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.1% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.882 დონეზე დაფიქსირდა. ა.წ. სექტემბრის თვეში დაფიქსირდა ზრდა წინა თვესთან (35.7%-ით), ხოლო კლება - წინა წლის იმავე თვესთან (8.1%-ით) შედარებით.

2015 წლის სექტემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 34.9%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 66.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ტენდენციისგან განსხვავებით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით დაფიქსირდა სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 8.7%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა - 15.4%-ით. ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.880 და 0.945 დონეებზე დაფიქსირდა.

ა.წ. სექტემბრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2031 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 52.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 640 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 42.5%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.1% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 118 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 54 კოოპერატივი, 9 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 4 სააქციო საზოგადოება, 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი და 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.