ზურაბ ჭიაბერაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის პროცესს შეაჩერებს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის პროცესს შეაჩერებს, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათი და "თავისუფალი დემოკრატების" სარჩელის წარმოებაში მიღებას და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილებას.

როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, სასამართლოში გამართულ მოსმენაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" საკმარისი არგუმენტების წარდგენა შეძლეს იმის საჩვენებლად, რომ  საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის თაობაზე ხელისუფლების გადაწყვეტილება არ არის კონსტიტუციური.  "მე ვესწრებოდი მოსმენას და მინდა გითხრათ, რომ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ და ყველამ ერთად - შალვა შავგულიძემ და ჩვენც, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საკმარისი არგუმენტაცია წარვადგინეთ იმის საჩვენებლად, რომ საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის თაობაზე ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის კონსტიტუციური. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების გარდა, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ის ნორმებიც, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მეჭიაურის ხელდასმით საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის პროცესს შეაჩერებს, კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციები კი დარჩება ეროვნულ ბანკს, მათ შორის საბანკო ზედამხედველობის ნაწილში ანუ ვაკუუმი არ იქმნება", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე შეფასებით, შესაბამისმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა ქვეყანას უზარმაზარი ზიანი მიაყენა.  "ინვესტორები დაფრთხნენ. საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესმა ზიანი მიაყენა ეკონომიკას, ლარს, შესაბამისად კი ხალხის ჯიბეს", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.  საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისცა, ხოლო ოთხი იყო წინააღმდეგი.  "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" საბანკო ზედამხედველობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 22 სექტემბერს შეიტანეს.