თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მთავრობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული

დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოსგან ნებისმიერ გადაწყვეტილებას ველოდები, რადგან ისინი "ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი გაგრძელება არიან, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების ავტორმა, თამაზ მეჭიაურმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ერთობლივი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. "სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებაში არ შევალ იმდენად, რამდენადაც მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ მიაჩნია, რომ მაინცდამაინც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოდიოდეს", - განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება გაკეთებით არაფერს გააკეთებს. "გაკეთებით რომ არაფერს გააკეთებს და ამიტომ არ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს ცალსახაა. რა თქმა უნდა, მიმართულია პირდაპირ მთავრობის საწინააღმდეგოდ, თუმცა არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებამ რაღაც ისეთი კატასტროფა გამოიწვიოს, ან პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც სარჩელის შეტანაზე ამყარებდნენ იმედებს, რამე დიდი დივიდენდები მოუტანოს. უბრალოდ, ისინი კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მეტი რამ გაფუჭდება, ეს არის კარგი მათთვის. მეტი არაფერი. ცხოვრება გრძელდება", - განაცხადა მეჭიაურმა.  კითხვაზე - რა მოლოდინები აქვს მას საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მეჭიაურმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ნებისმიერ გადაწყვეტილებას მოელის.  "ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოსგან ნებისმიერ გადაწყვეტილებას მოველი იმიტომ, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი გაგრძელება არიან", - აღნიშნა მეჭიაურმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ "ეროვნული ბანკის შესახებ" სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა. მუშაობა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე იქნება შეჩერებული. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისცა, ხოლო ოთხი იყო წინააღმდეგი.