თბილისში დღეს "დიასპორული ეკონომიკური რეგიონული ფორუმი" იწყება

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, როგორც "საერთაშორისო დისპორის ჩართულობის ალიანსის" (IDEA) რეგიონული პარტნიორი, 13-17 ოქტომბერს დიასპორულ კვირეულს გამართავს.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დიასპორული კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული დიასპორის მონაწილეობას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დღეს, თბილისში "დიასპორული ეკონომიკური რეგიონული ფორუმი" გაიმართება. ფორუმი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, როგორც "საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსის" (IDEA) რეგიონული პარტნიორის მიერ, "გლობალური დიასპორული კვირეული 2015-ს" ფარგლებში ტარდება.

ფორუმი მიზნად ისახავს, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, ახალი დიასპორული ინტელექტუალური და ფინანსური სერვისების პროგრამების პრეზენტაციას. ასევე, დიასპორული საინვესტიციო პროექტების გაზიარებას უცხოეთში არსებული დისპორული ბიზნეს საბჭოებისა და სამრეწველო პალატების მიერ, ინოვაციური დიასპორული საინვესტიციო მექანიზმების განვითარების გაძლიერებას რეგიონში, დიასპორის აქტიურ მონაწილეობას სამშობლოში მიმდინარე პროცესებში, ადამიანთა გაერთიანებას საერთო მიზნებისა და საჭიროებების ირგვლივ.

დისკუსია გაიმართება რეგიონის ეკონომიკური რეკონსტრუქციისა და საბაზრო რეფორმების მნიშვნელოვან გამოწვევებზე, დიასპორის მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზებაზე, დიასპორის პროფესიული პოტენციალის სამშობლოს საკეთილდღეოდ გამოსაყენებლად, რაც ხელს შეუწყობს სამშობლოში ბიზნესისა და კერძო სექტორის განვითარებას.  ღონისძიების მონაწილეები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე; საქართველოს ვიცე პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე;  რეგიონულ ფორუმში ასევე, მონაწილეობას იღებენ: უცხოეთში მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ერების საქმეთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქუდრეთ ბულბული; აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ოფისის დირექტორი, კონსტანს ციუმისი; სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის მოადგილე, სერჟ სრაპიონიანი; საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, შტეფან სტოკი; საქართველოში საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი, ილიანა დერილოვა; განვითარებადი ბაზრების ასოციაციის ხელმძღვანელი, ლეონ აიზეკი; მსოფლიო ბანკის ჯგუფის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონი.